Inosmi რუსეთი
დმიტრი დობროვი
საერთაშოროსო სავალუტო ფონდმა ესპანეთი covid-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ ევროპულ ქვეყნად დაასახელა. წელს, სსფ-ს შეფასებით, ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 12,8% -ით შემცირდება – ეს ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შორის. შედარებისთვის, ევროზონის მშპ მთლიანობაში დაიკლებს 8,3%-ით: იტალიაში 10,6%-ით, დიდ ბრიტანეთში 9,8%-ით, გერმანიაში 6,0%-ით, აშშ-ში 4,3%-ით, რუსეთში 4,1%-ით… ესპანეთზე უარეს დღეში, მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებია, როგორიცაა: პერუ (-13%), ლიბანი და ვენესუელა (-25%). Covid-19-ის პანდემიამ, წერს ესპანური ელ პაისი, ქვეყანას გრიგალივით გადაუარა და მიწასთან გაასწორა ეკონომიკის მთელი სექტორები. მკაცრი ლოკდაუნი, რომელიც 15 მარტიდან 21 ივნისამდე მოქმედებდა, განსაკუთრებით მძიმედ აისახა ტურისტულ სექტორზე. ესპანეთი ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და აქ ტურისტების წლიური რაოდენობა დაახლოებით 80 მილიონს აღწევს. ამ სექტორზე მოდის მშპ-ს 12% და დასაქმების 13%. ამიტომ გაზაფხული – ზაფხულის ლოქდაუნით მშპ-მ 18,5% – ით იკლო, მაშინ, როცა დანარჩენ იმავე პერიოდში მშპ – ს შემცირებამ ევროპაში 11,7% შეადგინა. სიტუაცია მძიმეა სადღეისოდაც. მშპ-ს წლიური ვარდნა – 12,8%-ით – ყველაზე ღრმაა გასული საუკუნის 30-იანი წლებში სამოქალაქო ომის დროინდელი კრიზისის შემდგომ
ამასთან, ესპანეთი მსოფლიოს მოწინავე (მეხუთე ადგილი მოსახლეობის გათვალისწინებით) და ევროპის ერთპიროვნული ლიდერია კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი ქვეყანა ევროპის სამეულში ხვდება ბელგიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად. ნეგატიური მაჩვენებლებით ესპანეთმა იტალიასაც კი გადაუსწრო – ქვეყანას, რომელიც მასთან ყველაზე ახლოა კლიმატური პირობებითა და კულტურული ტრადიციებით. ესპანელი ექიმები ცდილობენ ახსნან ეს მოვლენა და მიზეზთა შორის ასახელებენ მოსახლეობის უფრო ფართო ტესტირებას, ესპანელთა ,,ჯოგურ ქცევას’’, განსაკუთრებით ზაფხულში, ივნისის დასაწყისში ნაადრევად გამოცხადებულ ბიზნესის გახსნას, უცხოელი ტურისტების მოძალებას ზაფხულის მეორე ნახევარში, ბარების, დისკოთეკებისა და კლუბების გვიანობამდე მუშაობასა და ა.შ. მეორე მხრივ აღნიშნავენ, რომ იტალიამ ესპანეთზე უკეთ ააწყო ინფექციის გადამტანთა მონიტორინგის სისტემა.
ეპიდემიამ გამოააშკარავა ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებანი, რომელიც კარგადაა მორგებული პირველად სამედიცინო დახმარებასა და ტრადიციული დაავადებების მკურნალობაზე. თუმცა ესპანეთს, ისე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობას, არ აქვს პანდემიებთან ბრძოლის გამოცდილება – ეს განსაკუთრებით ეხება ახალი ტიპის ვირუსებს. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ანტივირუსული ჰიგიენის კულტურა – ესაა ზედაპირების დეზინფექცია, საგნების სტერილიზაცია, ხელის საგულდაგულოდ დაბანა. საავადმყოფოები არასაკმარისადაა აღჭურვილი ხელთათმანებით, პირბადეებითა და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით. უმძიმეს მდგომარეობაშია მოხუცთა თავშესაფრები, სწორედ მათ ბინადრებზე მოდის კოვიდით დაღუპულების ნახევარი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე მძლავრმა ეპიდემიამ გამოააშკარავა ჯანდაცვის სფეროს არსებითი ნაკლოვანებები და არასწორი გათვლები სახელმწიფოს მხრიდან.
ესპანეთის ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიას მიადგა უმძიმესი დარტყმა, რის გამოც ის კარგა ხანს „ვერ მოვა გონს“. ასე მაგალითად, ამა წლის აგვისტოში ესპანეთში ჩასული ტურისტების რიცხვი 76%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონე წელს 19% – ს აღწევს და ის ოდნავ თუ შემცირდება 2021 წელს, რადგან მსოფლიო ტურიზმი იმ დროისთვის ნაკლებსავარაუდოა აღდგეს. ესპანეთში ტურისტულ სექტორთან ერთად დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესიც, რომელსაც არა აქვთ ფინანსური რეზერვები, რომ გაუძლოს საქმიანი აქტივობის შეჩერებას.
] მთელი იმედი 750 მილიარდიან დახმარების ფონდზეა, რომელიც ევროკავშირმა ეპიდემიით ყველაზე დაზარალებული ქვეყნებს გამოუყო. ესპანეთის წილი დახმარების პაკეტში 142 მილიარდი ევროა.
პანდემიის პირობებში ესპანეთის საგარეო ვალმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში. მთავრობამ განაცხადა, რომ 2020–21 წლებში იძულებული იქნება საგანგებო წესით შეაჩეროს ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვები. ესპანეთის საგარეო ვალი წელს გაიზარდა 120 მლრ ევრომდე ( მშპ-ს 99%-დან 123%-მდე), რაც ანტირეკორდია და ბევრად აღემატება ვალის ჭერს – 60%-ს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ვალის ასეთი ზრდა არ ყოფილა 1947 წლიდან მოყოლებული.
მიუხედავად უმწვავესი კრიზისისა, სახელმწიფო აგრძელებს უმუშევრებისა და ნაწილობრივ დასაქმებულების დაფინანსებას და ეს პოლიტიკა ყოველთვიურად 4 მილიარდი ევრო უჯდება. პროფკავშირებისა და მემარცხენე პოლიტიკური პარტიების ძალდატანებით მთავრობამ აკრძალა სამსახურიდან გათავისუფლება, საწარმოების მფლობელები იძულებულნი არიან მოსამსახურეები მოკლე სამუშაო რეჟიმსა და შემცირებულ სამუშაო კვირაზე გადაიყვანონ. ამ გზით მოხერხდა ნაწილობრივ შემცირებულიყო უმუშევართა რიცხვი – 3-4 მილიონიდან 750 ათასამდე. მოსახლეობის ამ კატეგორიისა და თვითდასაქმებულთა საკრედიტო დახმარება წელს ქვეყანას მშპ-ს 20% დაუჯდება და ასე გაგრძელდება სულ ცოტა მომავალი წლის იანვრამდე. მთლიანობაში ესპანელთა 30% ცხოვრობს პენსიის, შემწეობისა და სხვა სახელმწიფო დახმარების ხარჯზე.
უცხოელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში ესპანელების ცხოვრების წესი მკვეთრად შეიცვალა და ქუჩებში ნაკლებად გხვდებათ მომღიმარი სახეები, ხალხი აღარ იკრიბება ხმაურიან თავყრილობებზე, ადამიანები ნაკლებად ურთიერთობენ. განსხვავებით უფრო თავშეკავებული ჩრდილოელებისგან, ადრე ესპანეთში არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ესპანელები ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და მჭიდროდ სხდებოდნენ. ახლა ეს ,,სახალხო’’ ჩვევები იძულებით იცვლება, ესპანელები მასობრივად ყიდიან ოქროს და საოჯახო ძვირფასეულობას, რომ გადაარჩინონ საოჯახო ბიზნესი, ან უბრალოდ თავი გაიტანონ. ახლა ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, მაგრამ ხელისუფლებას ეშინია მარტი- ივნისის მსგავსი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ის ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკას დაასამარებს.
როგორია კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა? ექსპერტების შეფასებით პერსპექტივა უიმედოა, ვინაიდან კრიზისი მოითხოვს ესპანეთის ეკონომიკური მოდელის ძირფესვიან გადახედვას, რომელიც ძირითადად ტურიზმსა და მომსახურებას ეფუძნება. მაგრამ ჯერ ამას არავინ აპირებს, რადგან ეპიდემიის დასრულების იმედი აქვთ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ კრიზისისგან თავის დაღწევა 2023 წლამდე მოსალოდნელი არ არის.