Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

             

AL ARABIYA არაბეთის გაერთიანებული ემირატები

თაჰა აბდელ ნასერ რამადანი

 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან სხვადასხვა სოციალური ფენების მასობრივი ემიგრაცია დაიწყო. 1918 წელს ამერიკას მიაშურა მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა გენიალურმა ავიაკონსრუქტორმა. რუსეთში არსებულმა უწესრიგო ვითარებამ და ანგარიშსწორების საფრთხემ „ავიაციის მამად“ წოდებული იგორ სიკორსკი აიძულა მიეტოვებინა სამშობლო და უკეთესი ცხოვრების საძიებლად თავი ამერიკისთვის შეეფარებინა

იგორ სიკორსკი დაიბადა 1889 წელს. მომავალი ავიაკონსტუქტორის დედას სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და მან ჩაუნერგა თავის პირმშოს ავიაციის სიყვარული. სწორედ მისგან შეიტყო იგორმა 15-16 საუკუნეში მცხოვრები გენიალური იტალიელის ლეონარდო და ვინჩისა და მისი საფრენი აპარატების პროექტთა შესახებ. დედის წყალობით ფრენა სიკორსკის ნატვრად იქცა.

წარმატებული გამოცდა კიევში

12 წლის სიკორსკიმ შვეულმფრენის პირველი მინიატურული მოდელი შექმნა. ოცნების კვალად მან სასწავლებლად ჯერ პარიზს, მერე სანკტ- პეტერბურგს მიაშურა. მშობლიურ კუთხეს ის მხოლოდ 1910 წელს დაუბრუნდა.

სამშობლოში  ის მაშინვე შვეულმფრენზე მუშაობას შეუდგა. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, მან ეს მოახერხა. იგორმა შეიმუშავა ვერტმფრენის მოდელი, რომელიც აღჭურვა ძრავით და პროპელერებით და რომელიც მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით. საფრენი აპარატის შექმნით სიკორსკიმ სახელი საქვეყნოდ გაითქვა.

                               ოქროს საათი

1912 წელს სიკორსკის ბედმა გაუღიმა. ის გახდა სანკტ-პეტერბურგში მდებარე რუსეთის ვაგონშემკეთებელი ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი, სადაც გააგრძელა ავიაციის სფეროში კვლევები. კოლეგებთან ერთად მან შექმნა ოთხძრავიანი თვითმფრინავი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუს ინჟინრებზე. თვით იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ისურვა ენახა საავიაციო ტექნიკის ეს საოცრება.

თვითმფრინავის ხილვით იმპერატორი ისე მოიხიბლა, რომ კონსტრუქტორს ოქროს საათი უბოძა. ნიკოლოზ II მეტად აფასებდა სიკორსკის ტალანტს,  აგულიანებდა  მას გაეგრძელებინა კვლევები ავიაციის სფეროში.

დასახვრეტთა სია და გაქცევა რუსეთიდან

ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. ბოლშევიკთა მოსვლით სიკორსკის დიდი საფრთხე შეექმნა, რადგან ლენინის თანამებრძოლებმა მას ბრალად მეფის ერთგულება დასდეს და ის „ბურჟუად“ მონათლეს. გარდა ამისა კომუნისტები სრულად აკონტროლებდნენ ქარხნებს და მათ ერთბაშად გააუქმეს ავიაციის სფეროში კვლევევბისა და ექსპერიმენტებისთვის არსებული ბიუჯეტი და ამჯობინეს ეს ფული საკავალერიო იარაღის შექმნას მოხმარებოდა, რომელის აქტიურად გამოიყენებოდა სამოქალაქო ომში. დაფინანსების დაკარგვის გარდა, სიკორსკის მეგობარმა შეატყობინა, რომ მისი გვარი ბოლშევიკთა მიერ შედგენილ  დასახვრეტთა სიაში მოხვდა. სიკორსკი იძულებული შეიქნა რუსეთი რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა.

საოცარი მიღწევები ავიაციის სფეროში

ამერიკაში ჩასული სიკორსკი თავდაპირველად თავს სკოლაში მათემატიკის სწავლებით ირჩენდა. 1923 წელს მან საკუთარი ავიასამშენებლო კომპანია დააფუძნა. მისი საქმიანობა დასაწყისში რთულად წარიმართა. გამომგონებელი უამრავ დაბრკოლებას შეეჯახა და ლამის გაკოტრდა. გაბანკროტებისგან მისი მეგობრის, კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვის ფინანსურმა დახმარებამ იხსნა. რახმანინოვი სიკორსკის მსგავსად იძულებული იყო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აშშ-ში გაქცეულიყო.

1924 წელს სიკორსკიმ შექმნა თვითმფრინავი S-29A, რომელიც 2 ძრავით იყო აღჭურვილი. S-29A-ს შეეძლო 14 მგზავრის გადაყვანა და 185 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება .10 წლის შემდეგ მან შეიმუშავა თვითმფრინავი-ამფიბია SIKORSKY S-42, რომელსაც ამერიკული კომპანიები ატლანტიკის გავლით კომერციული რეისებისთვის იყენებდნენ.

წარმატებით ფრთაშესხმულმა სიკორსკიმ შვეულმფრენზე მუშაობა დაიწყო, რათა ხორცი შეესხა მისი და ლეონარდო და ვინჩის ოცნებისთვის – შეექმნა აპარატი ვერტიკალურად აფრენის ფუნქციით.

1939-40 წლებში ის მუშაობდა ვერტმფრენზე VOUGHT-SIKORSKY VS-300. 2 წლის შემდეგ მან შექმნა ვერტმფრენი SIKORSKY R-4, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. უნდა ითქვას, რომ სიკორსკიმ, რომელმაც ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, შექმნა 30 საფრენი აპარატი, უპირატესად შვეულმფრენები. 1957 წელს თეთრი სახლის მოთხოვნით ააგო ვერტმფრენი SIKORSKY H-34, რომელიც გამიზნული იყო აშშ-ს პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერის რეგულარული სამუშაო ვიზიტებისთვის.

იგორ სიკორსკი გარდაიცვალა 1972 წელს ქალაქ ისთონში (კონეკტიკუტის შტატი). ის 82 წლის იყო. რუსი ავიაკონსტუქტორი გარდაიცვალა შორს მშობლიური კიევიდან, სადაც დაბრუნებაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

By admin