Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

HISTORY აშშ

კრისტოფერ კლეინი

 

მეორე მსოფლიო ომი დასრულდა 6 წლისა და 1 დღის შემდეგ,  იმ დროიდან, რაც 1939წელს გერმანია შეიჭრა პოლონეთში და მოახდინა მე-20 საუკუნის გლობალური კონფლიქტის პროვოცირება. იქამდე,  1945 წლის 2 სექტემბერს, ვიდრე ამერიკული სამხედრო ხომალდის გემბანზე ომი დასრულდებოდა, მან შეიწირა 60–80 მლნ. ადამიანის სიცოცხლე, ანუ პლანეტის მთელი მოსახლეობის 3%. ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში დაღუპულთა უმრავლესობა, მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის 6 მილიონი ებრაელი, რომელიც პოლოკოსტის დროს ნაცისტურ ბანაკში მოაკვდინეს

გერმანიამ,  სტრატეგიით ,,ბლიცკრიგი’’ (ელვისებური ომი),  პირველივე თვეებში დაიპყრო ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, აიძულა ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების შეიარაღებული ძალები – 300 000 კაცი, კონტინენტური ევროპიდან ევაკუირებულიყო. 1941 წელს გერმანელმა დიქტატორმა ადოლფ ჰიტლერმა დაარღვია საბჭოთა კავშირთან დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულება და წამოიწყო ოპერაცია ,,ბარბაროსა’’, რის შედეგადაც ნაცისტურმა არმიამ მოსკოვის კარიბჭეს მიაღწია.

იმ დროისთვის, ვიდრე იაპონელები დაბომბავდნენ პერლ – ჰარბორს და აშშ ომში ჩაებმებოდა, გერმანელებს უკვე ოკუპირებული ჰქონდათ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვიდან ლამანშამდე. ამის თანმდევმა მოვლენებმა განაპირობა მე-2 მსოფლიო ომის დასრულება.

                                              გერმანია ორ ფრონტზე იბრძოდა

მას შემდეგ, რაც ომის პირველ სამ წლის განმავლობაში ჰიტლერულმა კოალიციამ შეძლო წინსვლა ევროპაში, ქანცგამოცლილი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო, რადგან წითელმა არმიამ ის უკუაგდო სტალინგრადთან ბრძოლაში, რომელიც 1942 წლის აგვისტოდან 1943წლის თებერვლამდე გაგრძელდა. ქალაქისთვის (მას სახელი საბჭოთა დიქტატორ სტალინის საპატივცემულოდ ეწოდა) წარმოებულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში დაიღუპა 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, ათეულ ათასობით სტალინგრადის მაცხოვრებელი.

როცა საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევა, დასავლელმა მოკავშირეებმა  დაიკავეს სიცილია და სამხრეთ იტალია, რასაც 1943 წელს, მოჰყვა იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის დამხობა. მოკავშირეებმა  1944 წლის 6 ივლისს, გახსნეს დასავლეთ ფრონტი  და დესანტი გადასხეს ნორმანდიაში. ისინი გამაგრდნენ საფრანგეთის ჩრდილოეთით და 25 აგვისტოს გაათავისუფლეს პარიზი, ორ კვირაზე ნაკლებ დროში კი ბრიუსელი.

ბრძოლა არდენში

იმ დროისთვის, როცა საბჭოთა არმია შედიოდა ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და რუმინეთში, მოკავშირეები მიიწევდნენ აღმოსავლეთით და გერმანია ორმხრივ წნეხში მოექცა. ჰიტლერი ომს ორ ფრონტზე ეწეოდა. რესურსების მილევის პირობებში მისი მდგომარეობა სულ უფრო უიმედო ხდებოდა. იმ იმედით, რომ მოკავშირეთა თავდაცვის ხაზს გაარღვევდა, მან ბრძანება გასცა დაწყებულიყო ბოლო იერიში დასავლეთ ფრონტზე – 1944 წლის 16 დეკემბერს, ნაცისტებმა   მოულოდნელად შეურიეს დასავლეთ ფრონტზე – 130 კილომეტრიანი მთიანი ტყის მასივის გასწვრივ, არდენთან, ბელგიისა და ლუქსემბურგის საზღვარზე. იერიშის შედეგად გერმანელებმა წაიწიეს დასავლეთით, მაგრამ მოკავშირეებმა შეინარჩუნეს თავდაცვის ხაზი. ისინი იბრძოდნენ ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში, რის გამოც ჯარისკაცები იტანჯებოდნენ მოყინვით და ტერფის კანის ნეკროზით. მართალია, ამერიკელმა მებრძოლებმა გაუძლეს გერმანული არმიის იერიშებს, რომელიც ერთდროს გერმანიის ძლევამოსილებას განასახიერებდა, მაგრამ ამ ბრძოლაში, რომელიც ამერიკელთათვის ყველაზე სისხლისმღვრელი გამოდგა, მათ დაკარგეს 20 ათასი მებრძოლი. შეტაკება,  რომელსაც არდენის ბრძოლას უწოდებენ, აღმოჩნდა ბოლო აგონიური სვლა გერმანიისა –  საბჭოთა არმიამ დაიწყო ზამთრის შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე, რის შედეგად გაზაფხულზე, მდინარე ოდერს მიაღწია. ეს მონაკვეთი გერმანიის დედაქალაქ ბერლინამდე, სულ რაღაც 80კმ-ით იყო დაშორებული.

                                                    გერმანელთა კაპიტულაცია

დრეზდენისა და სხვა გერმანული ქალაქების დაბომბვის შედეგად ათეულ ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, დასავლელმა მოკავშირეებმა გადალახეს რეინი და აღმოსავლეთით – ბერლინისკენ დაიძრნენ. დედაქალაქთან მიახლოებისას მოკავშირეებმა იხილეს ჰოლოკოსტის მთელი საშინელება, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს ისეთი საკონცენტრაციო ბანაკები, როგორიცაა ბერგენ-ბელზენი და დაჰაუ. იგემა რა ორივე ფრონტზე მარცხი  და მიხვდა   გარდაუვალ მარცხს, 1945 წლის 30 აპრილს, ჰიტლერმა, საკუთარ რეიხსკანცელარიის ქვეშ მდებარე ბუნკერში, თავი მოიკლა.

ჰიტლერის მემკვიდრედ დანიშნულმა გროსადმირალმა კარლ დენიცმა დაიწყო მოლაპარაკებები ზავის შესახებ და გენერალ ალფრედ იოდლს დაავალა ხელი მოეწერა გერმანიის არმიის სრული კაპიტულაციის შესახებ,  რომელიც ძალაში ხელმოწერიდან მეორე დღეს უნდა შესულიყო. მაგრამ სტალინმა უარი განაცხადა ეცნო ფრანგულ რეიმსში ამერიკელი გენერლის დუაით ეიზენჰაუერის ხელმოწერილი აქტი და აიძულა გერმანელები  მეორე დოკუმენტი საბჭოთა ჯარების მიერ ოკუპირებულ ბერლინში გაეფორმებინათ.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები

ევროპაში, მოკავშირეების გამარჯვების შემდეგაც,  მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრში. ამერიკული შეიარაღებული ძალები ნელა, მაგრამ განუხრელად  წინ მიიწევდნენ იაპონიაში, რადგან 1942 წლის მიდვეის ბრძოლაში გამარჯვებამ, ომის მსვლელობა შეცვალა. 1945 წლის ზამთარში და გაზაფხულზე გამართული ბრძოლები ივოჯიმასა და ოკინავაზე,  ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ამ ომში – ამერიკულ არმიაში ვარაუდობდნენ, რომ იაპონიის მატერიკზე შეჭრას დაახლოებით მილიონამდე ჯარისკაცი შეეწირებოდა.

1945 წლის 16 ივლისს, ატომური ბომბის პირველი წარმატებული გამოცდიდან (ალამოგორდო, ნიუ-მექსიკოს შტატი) რამდენიმე კვირაში,  პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა (მან პოსტი ფრანკლინ რუზველტის დაღუპვამდე ოთხი თვით ადრე დაიკავა) ნება დართო ბომბი გამოეყენებინათ იაპონიის წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ მას ომის მყისიერი დამთავრება მოჰყვებოდა. 1945 წლის 6 აგვისტოს, ამერიკულმა ბომბდამშენმა ,,ენოლა გეიმ’’ატომური ბომბი სამრეწველო ქალაქ ჰიროსიმაში ჩააგდო, რასაც დაახლოებით 80 000 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ათასი კი რადიაციული დასხივებით დაიღუპა. რადგან ჰიროსიმას დაბომბვის შემდეგაც იაპონიამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, სამი დღის შემდეგ უფრო ძლიერი ბომბი ნაგასაკიში ჩააგდეს – მყისიერად დაიღუპა 35 ათასი , მოგვიანებით კი  50 000 კაცი.

                             საბჭოთა კავშირის მიერ ომის გამოცხადება და იაპონიის კაპიტულაცია

 

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის ფონზე, იაპონიის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა,  8 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა მას ოფიციალურად გამოუცხადა ომი  და იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიაში შეიჭრა. რამდენადაც უმაღლესი სამხედრო საბჭო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა,  იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას მართებდა კაპიტულაცია. 15 აგვისტოს, შუადღით (იაპონიის დროით), იმპერატორმა თავის პირველ რადიოგამოსვლაში იაპონიის კაპიტულაცია გამოცხადა.

მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 2 სექტემბერს, როცა ამერიკელმა გენერალმა დუგლას მაკარტურმა იაპონიისგან ოფიციალურად მიიღო კაპიტულაცია ამერიკულ ლინკორზე „მისური“, რომელიც ღუზაჩაშვებული იდგა ტოკიოს ყურეში – მოკავშირეების ფლოტილიის თანხლებით, რომელიც 250 სამხედრო ხომალდს ითვლიდა.

კაპიტულაციის აქტის ხელმოწერით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 2 194 დღე გრძელდებოდა და მაკარტურმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა რადიოგამოსვლაში: ,, დღეს ქვემეხები დუმს. დამთავრდა უდიდესი ტრაგედია. მოპოვებულია უდიდესი გამარჯვება.’’

By admin