Главред უკრაინა
ანდრეი გოლოვაჩიოვი
2 თვის შემდეგ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რასაც, დიდი ალბათობით, სამოქალაქო ომი მოჰყვება. უფრო ზუსტად, სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია, სისხლი ღვარად მოედინება დიდი ქალაქების ქუჩებში, მსხვერპლის რიცხვი ასეულებს აღწევს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. არჩევნების შემდეგ ხოცვა-ჟლეტა მეტი გზნებით გაგრძელდება. საამისოდ ყველაფერი მზადაა
სრულიად ნათელია, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, საპირისპირო მხარე მას არ ცნობს. ბევრ შტატი არჩევნების შედეგებში ეჭვს შეიტანს, დაიწყება მასობრივი პროტესტი, ცეცხლის წაკიდება, ძარცვა, მკვლელობა და ა. შ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადავა – იარაღის გამოყენებით. ტყუილად ხომ არ ამტკიცებენ, რომ ბოლო თვეებში იარაღის გაყიდვა რამდენჯერმე გაიზარდა. ხალხი, 3 ნოემბრის მოლოდინში, გამალებული იარაღდება.
არჩევნები ვერაფერს გადაწყვეტს, როგორც ეს ბევრ ამერიკელს ეიმედება. ამით არაფერი მოგვარდება. აშშ-ში სამოქალაქო დაპირისპირებამ დაძაბულობის იმ ზღვარს მიაღწია, როცა არჩევნებით ვერაფერი გაირკვევა, პირიქით, არჩევნები საზოგადოებაში განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს და პროცესს შეუქცევადს გახდის.
დაიშლება თუ არა აშშ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ?
ეს არავინ იცის. შეიძლება დაიშალოს , შეიძლება ამჯერად არა და გარდაუვალი დაშლა გადაიდოს. ეს პროცესი სტიქიურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორთა განლაგებაზე კონკრეტულ მომენტში. ბევრი რამ ტრამპის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, შეუძლია თუ არა მას რკინის ხელით ჩაახშოს ამბოხი?
ერთი რამ ცხადია: ამერიკა მიზანმიმართულად მიექანება 3 ნოემბრის კატასტროფისკენ. კატასტროფა იქნება, თუ ტრამპმა გაიმარჯვა და მემარცხენეები შავკანიანებთან ერთად აჯანყდნენ. კატასტროფა იქნება, თუკი მარაზმატიკი ბაიდენი გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში თავზეხელაღებული სოციალისტები მოვლენ, რომლებიც ქვეყანას სოციალ-პოპულიზმის მორევში გადაისვრიან და მას სწრაფად ამოხდიან სულს.
3 ნოემბერი მხოლოდ ამერიკისთვის არ იქნება კატასტროფა. ეს უბედურება იქნება უკრაინისთვისაც. მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაიწყება ორომტრიალი, რუსეთს ხელს ვერავინ შეუშლის, რომ ბოლო მოუღოს უკრაინას. აშშ დახმარებას ვეღარ აღმოგვიჩენს, ის თავის გადარჩენით იქნება დაკავებული. ამიტომ ნურავის იმედი ნუ გვექნება. აბა, ევროპის იმედად ხომ ვერ ვიქნებით! ასეთ შანსს პუტინი, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვებს.
ვიდრე უკრაინის საკითხს გადაწყვეტს, რუსეთმა ჯერ ბელორუსის პრობლემა უნდა გადაჭრას. ეს კი რუსეთმა, როგორც ჩანს, მოაგვარა. ევროკავშირისა და აშშ-ს უმწეო რეაქციამ, ამ მხრივ, კითხვები აღარ დატოვა.
ჯერი უკრაინაზეა. დასავლეთ სამყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფეხბურთო ჭეშმარიტება: „არ გაიტან, გაგიტანენ“. აშშ-მ რუსეთი არ გაანადგურა 1990 წელს, როცა ამის გაკეთება იოლად შეეძლო. რაკი ასე მოხდა, ახლა რუსეთი და ჩინეთი მიადევნებენ თვალს დასავლეთ სამყაროს დაშლას – ისე, როგორც ბარბაროსები უყურებდნენ სახტადდარჩენილნი რომის დიდების აღსასრულს.
ბოლოს, აბრაამ ლინკოლნის ერთ ფრაზას მოვიყვან: „აშშ არასდროს დაინგრევა გარედან. ჩვენ შევდრკებით და თავისუფლებას დავკარგავთ მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს, თავადვე გავინადგურებთ“.