Spread the love

 

                 

Washington examiner  აშშ

იანუშ ბუგაისკი

 

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც  მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას, შესაძლოა გამოიწვიოს ნატოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია. ეს საშიში სცენარი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მან უარი თქვა ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ხოლო ფალსიფიკაციის გამო დაწყებული მასობრივი პროტესტი, მომავალშიც შეარყევს მის ქვეყანას.  მან მოსკოვისგან უკვე ითხოვა დახმარება,  ხოლო რუსეთის სამხედრო ან პარამილიტარული ჩარევა გამოიწვევს ნატოს ძალების მზადყოფნის გაძლიერებას ბელორუსის დასავლეთ საზღვრების გასწვრივ. თუკი ლუკაშენკომ ვერ მოახერხა საზოგადოებრივი მრისხანების დაცხრობა და ქვეყანა ჩიხში მოექცა, კრემლმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ბელორუსის დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან დაახლოების აღსაკვეთად აუცილებელია პირდაპირი ჩარევა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სპეციალური სარეზვერვო ძალები  მზად არიან შევიდნენ ბელორუსში და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა – ამ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. როგორც ლუკაშენკო, ისე პუტინი, ავითარებენ პროპაგანდისტულ ხაზს, რომ მასობრივი პროტესტი ორგანიზებულია მტრულად განწყობილი  უცხო ქვეყნების მიერ,  აშშ – სა და პოლონეთის მეთაურობით, რათა ბელორუსი მოწყვიტონ რუსეთს და შემდგომ გაინაწილონ მისი ტერიტორია.

ლუკაშენკო განსაკუთრებულ აქცენტს ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე გროდნოს ოლქზე აკეთებს, რომელიც  პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება და იქ პოლონური უმცირესობა – დაახლოებით 200 000 კაცი ცხოვრობს. ამიტომ ლუკაშენკო მას დასავლეთის ძირგამომთხრელი ქმედების სავარაუდო სამიზნედ განიხილავს. საბაბი საიმისოდ, რომ ძალის გამოყენება შესაძლებელი გახდეს ადვილი მოსაფიქრებელია. მაგალითად, თუ მოხდება ეთნიკურ ნიადაგზე  ინციდენტის ინსცენირება, ან აფეთქდება ბომბი, რასაც წარმოაჩენენ დივერსიად. ამის შემდეგ რუსეთის ჩარევა შეიფუთება ისე, თითქოს მოსკოვი ბელორუსს ნატოს შეჭრისგან იცავს. რეგიონში პოლონური წარმოშობის მოქალაქეთა რეპრესიები გამოიწვევს ვარშავის მკვეთრ რეაქციას და აიძულებს პოლონეთის ხელისუფლებას, სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

ნატოს დამტრყმელი ჯგუფის განადგურების მეთოდიკა მოსკოვმა უკვე შეიმუშავა და  მისი დემოსტრირება მოახდინა 2017 წელს, რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლების დროს,სახელწოდებით – ,,დასავლეთი.’’ ამ თეორიული სცენარის დამუშავებისას რუსულ-ბელარუსულმა  შენაერთებმა გაანადგურეს წარმოსახვითი სახელმწიფო  ვეიშნორია ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთით. სამხედრო დაგეგმარების რუსი სპეციალისტების აზრით, ასეთი კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ნატოსთან ფართომასშტაბიან ომში.

საჯაროდ ითქვა, რომ დასავლეთიდან პირდაპირი საფრთხის შემთხვევაში, ლუკაშენკოსა და პუტინის შეიარაღებული ძალები გაერთიანდებიან. რუსულმა შენაერთებმა უკვე გააძლიერეს  საბრძოლო მზადყოფნა რუსეთის გასამხედროებულ ექსკლავ კალინინგრადში, რომელიც  პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება. თითქოსდა, პოლონეთის კონფრონტაციაში საგანგებოდ ჩართვისათვის, ლუკაშენკომ ბელორუსის არმიის ნახევარი სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა და რამდენიმე შენაერთი ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა. თუმცა ადრინდელი განცხადებები, ამ ადგილას ნატოს ძალების კონცენტრაციის შესახებ, უარყო. პოლონეთის პრემიერ -მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ივარაუდა, რომ პუტინი გამოგონილი საბაბით ბელორუსზე კონტროლის აღდგენისათვის, აპირებს ნიადაგის შემზადებას და საერთაშორისო სამართლის დარღვევით სამხედრო ჩარევას. ლუკაშენკო განსაკუთრებით აღაშფოთა ევროკავშირის ახალმა ეკონომიკურმა სანქციებმა და დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა პოლონეთისა და ლიტვის წინაა$ღმდეგ, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ არჩევნების ფალსიფიკაციისა და პროტესტის  ჩახშობის გამო. ამას გარდა, ლიტვამ თავშესაფარი მისცა არჩევნებში სავარაუდო გამარჯვებულ სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელიც აიძულეს სამშობლო დაეტოვებინა. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ შეაჩერებდა ლიტვიდან იმპორტს და დასავლელ მეზობლებს რუსეთთან და ჩინეთთან სავაჭროდ, ბელორუსის გვერდის ავლით უფრო გრძელი მარშრუტების გამოყენებას აიძულებდა .

ვარშავა და ვილნიუსი, ამიერიდან უფრო  ყურადღებით მიადევნებენ თვალს, როგორ გამოიყენებს რუსეთი ,,შესაძლებლობათა კრიზისს“ ბელორუსში, ამ ორი სახელმწიფოს უფრო მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტეგრაციისთვის. ვიდრე მისი პოზიციები  მყარი იყო, ლუკაშენკო ამას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა. ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგება   ბელორუსში, ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის უსაფრთხოებას – მისი ჩრდილოეთ საზღვრების გასწვრივ. კიევი უკვე აწყდება რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას აღმოსავლეთ საზღვრის მთელ სიგრძეზე, ასევე სამხრეთ სანაპირო ზოლში, რადგან მოსკოვი ცდილობს უკრაინის დამოუკიდებლობის პარალიზებას. რაც უფრო მეტად გამწვავდება კრიზისი ბელორუსში, მით უფრო გაიზრდება პოტენციური კონფლიქტის ადგილები რეგიონში.

By admin