Project Syndicate, ლონდონი
Mariana Mazzucato , Antonio Andreoni
ახლა, როცა ხელისუფლებები უზარმაზარი ხარჯების გაღებით ცდილობენ საწარმოების დახმარებას და კოვიდ-19-ის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას, ამის პარალელურად, მათ ეკონომიკა მდგრადი მომავლისკენ უნდა მიმართონ. საბედნიეროდ, სახელმწიფო დახმარების გამოყენება, კერძო სექტორის ქცევაზე ზემოქმედებისთვის, საღ აზრად იქცა.
კოვიდ-19-ის კრიზისი და თანმხლები რეცესია უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, გადაიხედოს ხელისუფლების როლი, განსაკუთრებით კი – მისი ურთიერთობა ბიზნესთან. დიდი ხნის განმავლობაში არსებული მოსაზრება, რომ ხელისუფლება საბაზრო ეკონომიკისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს, უკვე ცნობილია, რომ არ შეესაბამება სიმართლეს. სახელმწიფოს ტრადიციული როლის ხელახლა დანახვა, როგორც პირველი ინვესტორის და არა როგორც გამოუვალ სიტუაციაში ფულის უკანასკნელი გამსესხებლის, გადაიქცა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეფექტიანი ეკონომიკური დაგეგმვის ხედვის ნაწილად.
საბედნიეროდ, სახელმწიფო ინვესტიციები იზრდება: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 3 ტრილიონი დოლარის მოცულობის სტიმულისა და დახმარების პაკეტი დაამტკიცა, ევროკავშირმა 750 მილიარდი ევროს მოცულობის აღდგენის გეგმა წარადგინა, იაპონიამ კი საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის 1 ტრილიონი დოლარი დააწესა.
თუმცა, იმისათვის, რომ ინვესტიცია ჯანსაღ, უფრო მოქნილ, პროდუქტიულ ეკონომიკაში გადაიზარდოს, მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. ხელისუფლებებმა ასევე უნდა აღიდგინონ უნარი რომ შეიმუშავონ, დანერგონ და განახორციელონ დახმარების გაცემა მიმღები მხარისთვის გარკვეული პირობების სანაცვლოდ, ისე, რომ კერძო სექტორის საქმიანობა მდგრადი ზრდის ხელშემწყობი იყოს.
სახელმწიფოს მხარდაჭერას, კომპანიებისთვის, ბევრი სახე აქვს, როგორიცაა: პირდაპირი ფულადი გრანტი, საგადასახადო შეღავათი, ასევე სესხების გაცემა ხელსაყრელი პირობებით ან სახელმწიფო გარანტიებით – რომ აღარაფერი ვთქვათ ცენტრალური ბანკების ექსპანსიურ როლზე, რომლებიც მასობრივად იძენენ კორპორაციულ ობლიგაციებს. სასურველია ასეთი დახმარებები თანმხლები პირობებით ხორციელდებოდეს, მაგალითად, ფირმებს მოეთხოვოთ გამონაბოლქვის შემცირება ან დასაქმებულთა მიმართ ღირსეული მოპყრობა (როგორც ანაზღაურების, ისე სამუშაო პირობების მხრივ).
ამის რამდენიმე კარგი მაგალითი მოიპოვება. მაგალითად, დანიამაც და საფრანგეთმაც დახმარებაზე უარი უთხრა ისეთ კომპანიებს, რომელთაც დომიცილად გადასახადების გადამხდელთა თავშესაფარი ქვეყნები აქვთ არჩეული, ხოლო დიდი დახმარების მიმღებ ფირმებს აუკრძალა დივიდენდების გადახდა და საკუთარი აქციების გამოსყიდვა 2021 წლამდე. მსგავსად ამისა, შეერთებულ შტატებში, სენატორმა ელიზაბეტ უორენმა მოითხოვა დახმარებების გაცემა მკაცრი პირობებით, როგორიცაა მინიმალური ხელფასების ზრდა, მომუშავეთა წარმოდგენა კორპორაციულ საბჭოში და დივიდენდებზე, აქციების გამისყიდვასა და ხელმძღვანელთა ბონუსებზე შეზღუდვების გაგრძელება. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ინგლისის ბანკმა (BOE) მიიღო დროებითი მორატორიუმი დივიდენდებსა და აქციების გამოსყიდვაზე.
შორს არის რა დირიჟიზმისგან, ასეთი პირობების დადგენა ფინანსური რესურსების სტრატეგიულად მიმართვას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ისინი ეფექტიანადაა რეინვესტირებული, ნაცვლად იმისა, რომ ვიწრო ინტერესების ხელში აღმოჩნდეს. ამ მიდგომის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის სექტორები, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, ამავდროულად, ეკონომიკისთვის ყველაზე სტრატეგიულიცაა. ასეთია, მაგალითდ, ავიახაზები და საავტომობილო ინდუსტრია. აშშ-ს ავიაინდუსტრიამ 46 მილიარდი დოლარის მოცულობის სესხები და გარანტიები მიიღო გრანტის სახით, იმ პირობით, რომ მიმღები კომპანიები შეინარჩუნებენ დასაქმებულთა 90%-ს, შეამცირებენ ხელმძღვანელობის ანაზღაურებას და თავს შეიკავებენ აუთსორსისა და ოფშორინგისგან. ამასობაში, ავსტრიამ საჰაერო ინდუსტრიას დახმარების პირობად გარემოზე ზემოქმედების შემცირების პროგრამაში ჩართვა დაუდგინა. აგრეთვე, საფრანგეთმაც წარადგინა 5 წლიანი გეგმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ბევრ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული საავტომობილო ინდუსტრიას შეელიოს, შესაბამისად, დახმარები განხილულია, როგორც შესაძლებლობა, გადაიდგას ნაბიჯები სექტორის დეკარბონიზაციისკენ. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, საჭიროა არა მხოლოდ ინდუსტრიის გადარჩენა, არამედ მისი ტრანსფორმაცია. სექტორზე გაცემული 8 მილიარდი ევროს სესხის სანაცვლოდ, სახელმწიფო ითხოვს, რომ 2025 წლისთვის ერთ მილიონზე მეტი სუფთა ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი იქნას გამოშვებული. მეტიც, „რენო“, რომელმაც 5 მილიარდი ევრო მიიღო, ვალდებულია არ დახუროს საფრანგეთის ორი ძირითადი ქარხანა და თავისი წვლილი შეიტანოს ელექტრო-ელემენტების წარმოების ფრანგულ-გერმანულ პროექტში. საფრანგეთის მთავრობა, როგორც „რენოს“ მთავარი მეწილე, მარტივად მოახერებს ამ პირობების განხორციელებას, როგორც კომპანიის შიგნიდან, ისე მის გარედან.
ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობები პირობების წაყენებაზე შორსაც წავიდნენ და საკუთრების მოდელებში შეაქვთ ცვლილებები. გერმანია და საფრანგეთი იძენენ და ზრდიან სახელმწიფოს წილებს ავიაკომპანიებში და აცხადებენ, რომ ამას ეროვნული სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დასაცავად აკეთებენ.
დახმარებები გარკვეული პირობით შორს დგას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკისგან და გვიჩვენებს, რომ მას შეუძლია ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს საწარმოო ძალების სტრატეგიული მიზნებისკენ მისამართად. მისი არასწორი დაგეგმვის, განხორციელების ან გვერდის სრულად ავლის შემთხვევაში, შესაძლებელია ეკონომიკის საწარმოო სიმძლავრეები შეიზღუდოს და სპეკულიანტებს სიმდიდრის მოხვეჭის საშუალება მიეცეთ. მაგრამ თუ სწორად განხორციელდა, მას შეუძლია კორპორაციული საქმიანობა საზოგადოებრივ ინტერესების შესაბამისად წარმართოს, უზრუნველყოს მდგრადი ზრდა და უკეთესი ურთიერთობა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. თუკი ამ კრიზისისგან რაიმეს ვისწავლით, ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იყოს პოსტ-კრიზისული გამოცდილების ნაწილი.