Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE NEW YORK TIMES აშშ

ნიკოლას კრისტოფი

                       

                        რესპუბლიკელები ბევრს საუბრობენ „პირად პასუხისმგებლობაზე“. დადგა დრო, მათმა მხარდამჭერებმა ეს საქმით დაგვანახონ.

          მაშინ, როცა აშშ-ს ტერიტორიის მომეტებულ ნაწილზე კორონავირუსის გავრცელება კონტროლიდან გამოდის, ამერიკელები საოცარ უსუსურობას იჩენენ.

1776 წელს, ასე უნიათონი რომ ვყოფილიყავით, ახლაც ბრიტანეთის ნაწილი ვიქნებოდით. ახლა, როცა 4 ივლისის ზეიმისთვის  ვემზადებით, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავისუფლება კორონავირუსისგან, რომელმაც 4 თვეში იმაზე მეტი ამერიკელი შეიწირა, ვიდრე კორეის, ვიეტნამის, სპარსეთის ყურის, ავღანეთისა და ერაყის ომებმა ერთად აღებულმა – 70 წლის განმავლობაში.

ყველაზე მარტივი იმ ნაბიჯებიდან, რაც უნდა გადაგვედგა, ეს პირბადის ტარებაა.  შეერთებულ შტატებში გაცილებით ნაკლები ადამიანი ატარებს ნიღაბს (ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ), ვიდრე სხვა ქვეყნებში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელი მამაკაცების უმრავლესობა, ნიღბის გამოყენებას, „სისუსტის გამოვლინებად“ აფასებს. პრეზიდენტ ტრამპის უარიც – მოიხმაროს ნიღაბი, ამის ნათელი დასტურია.

ტრამპი, ახლა, ალბათ მიჯრით უყურებს ტელეგადაცემებს. FOX BUZINESS-სს ოთხშაბათს  ისიც კი განუცხადა, რომ „გულით და სულით ემხრობა ნიღბებს“ და  სიამოვნებით ატარებდა მათ, „ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა“ რომ ჰქონდეს. არადა დროს საამისოდ არ უნდა ხარჯავდეს – უმჯობესია, ტვიტერში მისი ნიღბიანი ფოტოსურათი იდოს  და იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდებდეს თავის მომხრეებს.

უარი, სახე დაიფარო – ეს უპასუხისმგებლო, ეგოისტური ქმედებაა. ამით აზიანებ ეკონომიკას და შეიძლება მოკლა, ან საფრთხე შეუქმნა უდანაშაულო ადამიანს.

ჟურნალ  LANCET -ში განხილულმა 172 კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახის ნიღბით დაფარვა, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს. გამოცემა HEALTH AFFAIRS-ში გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, რომ სახელმწიფო მანდატმა ნიღბის მოხმარების შესახებ, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი მოიცვა, სავარაუდოდ, აღკვეთა 230 000 ადამიანის ინფიცირება.

წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის დროს, რომლის შესახებ ჟურნალ CLINICAL INFECTIOUS DISEASES-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ზაზუნების ინფიცირებული ჯგუფი გალიაში ამ სახეობის ჯამრთელ წარმომადგენლებთან ერთად მოათავსეს. ის ნაწილი, რომელიც ნიღბებით გადაღობილი ბარიერის მიღმა იმყოფებოდა, 2-ჯერ ნაკლებად დაავადდა,  ვიდრე მეორე ჯგუფი, რომელსაც დაავადებულებთან ამგვარი ზღუდე არ ჰყოფდათ.

ავიღოთ მაგალითი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, სადაც პირბადის ტარება გულისხმიერების ნიშანია. მათ მოახერხეს ვირუსისი შეჩერება. ჰონკონგის უნივერსიტეტის დოქტორმა,  ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, კვონ-იონგ იუნმა  მითხრა, რომ მათი წარმატების მთავარი მიზეზი (1 ლეტალური შემთხვევა 1 მილიონ ადამიანზე – აშშ-ში ლეტალობა, იგივე რაოდენობაზე  385- კაცია) არის ის, რომ ჰონკონგის მოსახლეობის 97% ნიღაბს მოიხმარს:

          „ პირბადის ტარება, ეს პასუხისმგებლობით გამსჭვალული გულისხმიერებაა“ მითხრა იუნმა.

ჰონკონგში, ისე როგორც აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ნიღაბი უფასოა. ამერიკამაც იგივე უნდა  გააკეთოს, რადგან მისი საფასური ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის ხარჯები.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კომპუტერული მოდელის მიხედვით, დღეიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით 33 000 ადამიანი გადარჩება, თუ ნიღაბს მეტი ამერიკელი გამოიყენებს. იგულისხმება, რომ დაუდევარი ამერიკელები, რომლებსაც ასეთი სურვილი არ გააჩნიათ, რამდენიმე თვეში ათასობით მეზობელს იმსხვერპლებენ.

„ ცდა არ უნდა დავაკლოთ, რომ ნიღბების მოხმარება გაიზარდოს“- ამბობს ჯონ ჰოპკინსის ეპიდემიოლოგი ქეით გრაბოვსკი და დასძენს: „ხალხმა ნიღბები არ უნდა ჩათვალოს  დაცვის გარანტირებულ საშუალებად, ნიღაბი 100% -ით დაცვას ვერ უზრუნველყოფს, ასე რომ, მასთან ერთად საჭიროა დისტანცირება, ხელის ხშირად ბანა, კონტაქტების მეთვალყურეობა და თავყრილობების აკრძალვა. მე ვემხრომი საკანალიზაციო წყლების მასშტაბურ ტესტირებასაც, რომ დადგინდეს, არის თუ არა ვირუსი მეზობლად.

რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი კვლევა. ნიღბებიც განსხვავდება ეფექტიანობის მხრივ. რესპირატორები № 95 მუშაობს კარგად, მაგრამ აძნელებს სუნთქვას. ერთჯერადი ქირურუგიული ნიღბები უფრო მოხერხებულია, თუმცა ნაკლებად ეფექტიანი, ნაჭრის პირბადეები მრავალჯერადია, მაგრამ ასევე არასრული ეფექტის“.

ნიღაბი იცავს თქვენს მეზობლებს, ამასთან მისი მანდატის გაფართოება  ეხმარება ამერიკის ეკონომიკასაც, როგორც ეს goldman sachs-ის ანგარიშიდან ირკვევა.

„ნიღბის გამოყენების მანდატით განსაზღვრული შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით 3%-ით შემცირდება“- აცხადებს GOLDEN SACHS-ი.

რესპუბლიკელები, როგორც ჩანს, გონს მოდიან. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ადრე ნიღაბს ახლოს არ იკარებდა, ახლა კი ამბობს, რომ მისი ტარება „მშვენიერი იდეაა“, მარკო რუბიო ყველას მოუწოდებს: „გაიკეთეთ ეს წყეული ნიღაბი“. წარმომადგენელი ლიზ ჩეინი ტვიტერში მამამისის პირბადიან სურათს აქვეყნებს ჰეშთეგით – Realmenwearmasks. აბა თქვენ იცით!

აი, ტრამპი კი, ადგილიდან არ იძვრის. რესპუბლიკელები განაგრძობენ „პირადი პასუხისმგებლობის“ თემით ბურთაობას. დროა, ტრამპმაც გამოავლინოს რაღაც ამგვარი: მოუწოდოს მომხრეებს ატარონ პირბადეები – ახლა მაინც, როცა დამოუკიდებლობის თარიღი კარს მოგვდგომია და სწორედ ასე გამოხატონ პატრიოტიზმი, დაიცვან ეკონომიკა და გარშემომყოფთა სიცოცოხლე.

თეთრი სახლის პრესმდივანი კეილი მაკინენი, თავს არიდებს ტრამპის პირბადისადმი დამოკიდებულებაზე საუბარს და ირწმუნება, რომ ნიღაბი „პირადი არჩევანია.“

არა, ეს ასე არ არის. უარი ატარო პირბადე, ისეთივე პირადი არჩევანია, როგორც ის, რომ საღამოს კარგად მოილხინო, მერე  საჭეს მიუჯდე და ქუჩას დაუყვე. ჟამიანობის დროს ნიღაბზე უარი იგივეა, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, როცა საფრთხეს უქმნი ყველას, ვინც გზად გადაგეყრება.

                      

 

By admin

You missed