ATLANTIC COUNCIL აშშ
ალგიდას მედალინსკასი
2014 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჰიბრიდულ ომს ეწევა, რომ ეს ქვეყანა კრემლის ორბიტას არ ჩამოსცილდეს. ეს არატრადიციული კამპანია მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ინფორმაციულ მეთოდებს. ყოველივეს საფუძვლად უდევს რუსეთის ისტორიული პრეტენზიები თანამედროვე უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილზე. პუტინი არც კი მალავს საკუთარ ზიზღს უკრაინის სახელმწიფოებრიობის მიმართ. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ უკრაინა ყოველთვის იყო რუსეთის ძირძველი ნაწილი და ასეთად დარჩება მომავალშიც, მოსწონთ ეს უკრაინელებს თუ არა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში, პუტინი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ოკუპირებული დონბასი აღმოსავლეთ უკრაინაში – მნიშვნელოვანი ელემენტია რუსული ნაციონალური მემკვიდრეობისა. თავის ცნობილ აპრილის გამოსვლაში ( ყირიმის მიტაცების შემდეგ), რომელიც საფუძველი გახდა ომის ახალი ეტაპის დაწყებისა, მან განაცხადა, რომ დონბასი არასდროს ყოფილა უკრაინული და 1920 წელს, რაღაც გაუგებარი ნიშნით, გადაეცა საბჭოთა უკრაინას. „ღმერთმა იცის რატომ“- გაშალა ხელები პუტინმა. სულ ახალახანს, ყოველწლიურ პრესს-მარათონზე 2019 წლის ნოემბერში, პუტინმა დონბასი მოიხსენია, როგორც „ძირძველი რუსული მიწა, რომელსაც არასდროს არაფერი აკავშირებდა უკრაინასთან.“
საარჩევნოდ ეს მოსაზრება, იქნებ შეესაბამებოდეს კიდეც პუტინის პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ გამოწვლილვით შესწავლას ნამდვილად ვერ უძლებს. სინამდვილეში, უკრაინის არსებობა ამ სადაო რეგიონში საუკუნეებს ითვლის, ხოლო დონბასის ევროპული ფესვები „საცინლად იგდებს“ კრემლის მცდელობას, გამოაცხადოს ის წმიდათაწმიდა რუსულ მიწად.
პუტინის გამარტივებული ხედვა ნიღბავს გაცილებით რთულ სურათს. საუკუნეების განმავლობაში დონბასი და აღმოსავლეთ უკრაინა შედიოდა ე.წ. ДИКОЕ ПОЛЕ-ში, ესაა მოცულობითი ტერიტორია სასაზღვრო ზოლში, რომელიც მოქცეული იყო უკრაინის სტეპებში და განაცალკევებდა სლავურ სახელმწიფოებს, ჩრდილოეთით – ყირიმის სახანოსგან, სამხრეთით – ოსმანთა იმპერიისგან.
მე-16 საუკუნის ბოლოს, რეჩ პოსპოლიტას მმართველებმა ცნეს უკრაინელი კაზაკების უფლება განსახლებულიყვნენ დონბასიდან მდინარე დონამდე. მე-18 საუკუნეში, რუსეთ-თურქეთის ომის ფონზე, ამ ტერიტორიას ლტოლვილთა ახალი ტალღა მიაწყდა, ხოლო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა დიდმა ახალმოსულები მიწის ნაკვეთებით „აცდუნა.“
დასახლებულთა უმრავლესობა უკრაინელი იყო, მაგრამ იყვნენ რუსები, რუმინელები, სერბები, უნგრელები, გერმანელები, ასევე ბერძნები – მეზობელი ყირიმიდან. ასე რომ დონბასი წარმოადგენდა ყველაზე კოსმოპოლიტურ კუთხეს რუსეთის იმპერიისა. დონბასში დღემდე სახლობს მრავალრიცხოვანი ბერძნული თემი, განსაკუთრებით მარიუპოლსა და მის შემოგარენში.
შემდეგ მნიშვნელოვან მომენტად დონბასის განვითარებაში, მე-19 საუკუნის საწარმოო რევოლუცია იქცა. მდიდარი მინერალური რესურსების წყალობით რეგიონი ევროპულ ცენტრად იქცა, რომლისკენაც დაიძრა ბედის მაძიებელთა და მეწარმეთა ნაკადი მთელი კონტინენტიდან. ბევრმა პარალელიც კი გაავლო ჩრილოეთ ამერიკაში ექსპანსიასა და დონბასის ფეთქებად განვითარებას შორის: რუსი მწერალი ალექსანდრ ბლოკი რეგიონს „ახალ ამერიკას“ უწოდებდა.
დონბასისი მსხვილი ქალაქების უმეტესობა თავის წარმოშობას უცხოელ სპეციალისტებს უნდა უმადლოდეს, რომლებმაც რეგიონში საკუთარი ნოუ- ჰაუ ჩაიტანეს. ამის ნათელი მაგალითია დონეცკი – ახლა დონბასის უმსხვილესი ქალაქი და რუსული ოკუპაციის ცენტრი. დონეცკის დამფუძნებელი, მეტალურგიის ბრიტანელი მაგნატი ჯონ ჰიუზი (JOHN HUGHES) იყო. მომავალი დონეცკი მან 1869 წელს დაარსა. თავიდან დასახლებას იუზოვკასაც ეძახდნენ მის საპატივცემულოდ.
ჰიუზი სულაც არ იყო პირველი ბრიტანელი მეწარმე, რომელმაც დონბასში თავისი კვალი დატოვა. 1795 წელს მისმა თანამემულე ჩარლზ გასკოინმა (CHARLS GASCOIGNE) და გერმანელმა გუსტავ ჰარტმანმა ( GUSTAV HARTMAN) დააარსეს ორი ფაბრიკა, რომელთაგან ამოიზარდა ქალაქი ლუგანსკი – რუსული სეპარატიზმის მეორე ცენტრი აღმოსავლეთ უკრაინაში.
ბრიტანელი და გერმანელი მეწარმეების ირგვლივ, ჩამოყალიბდა უკიდურესად კოსმოპოლიტური გარემო, სადაც მოქმედებდნენ დასავლეთევროპული ქვეყნების – საფრანგეთის, იტალიის და ბელგიის წარმომადგენლები – ბელგიელების გავლენა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დონბასი ბელგიის განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნეოდა. მარიუპოლში ამერიკელი მეწარმეებიც საქმიანობდნენ.
საერთაშორისო მეწარმეობის ბუმმა დონბასში, მე-19 საუკუნისთვის რეგიონის დემოგრაფიასაც დაატყო კვალი. თუმცა 1897 წლის სამეფო აღწერით რეგიონი უპირატესად უკრაინული იყო. ეს რევოლუციამდე მოსახლეობის აღწერის ერთადერთი დოკუმენტია და მისი მონაცემები პუტინის გაბედული ისტორიული მტკიცებულებებიდან, ქვას ქვაზე არ ტოვებს.
1897 წლის აღწერით, ეკატერინოსლავსკის მოსახლეობა, რომელიც თანამედროვე დონბასის ძირითად ნაწილს, მათ შორის დონეცკს და ლუგანსკს მოიცავდა, შეადგენდა 2,1 მილიონ კაცს. მათი უმრავლესობა 68,9% იყო უკრაინელი, რუსები კი 17,3%-ს შეადგენდნენ.
მსგავსი სურათია სოფლადაც. მარიუპოლის რაიონის მოსახლეობა ითვლიდა 254 056 კაცს, 50% იყო უკრაინელი. რუსებთან (35 691) ერთად კი ცხოვრობდნენ გერმანელების, ბერძნების, ებრაელებისა და თათრების თემები. ამ ციფრების ფონზე, ნებისმიერი მცდელობა უარყო უკრაინის დონბასთან კავშირი, მარცხისთვისაა განწირული.
ეს ფაქტები მეტწილად უცნობია, როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ. ბოლო წლებში, ამ მხრივ სიტუაცია ოდნავ შეიცვალა რეგიონის ისტორიით დაინტერესების ზრდის კვალობაზე. მიუხედავად ამისა, დონბასის კოსმოპოლიტური წარსული შენიღბულია მცდარი რუსოცენტრისტული სტერეოტიპებით, რომლებიც კრემლის გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში ეწერება.
მართალია გასაბჭოებამდე დონბასის უკრაინული ფესვები და ევროპული ხასიათი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რევოლუციის შემდგომ ათწლეულებში, რეგიონმა ღრმა ცვლილებები განიცადა.
სოფლად მცხოვრები უკრაინელების უმეტესობა სტალინურ შიმშილობას ემსხვერპლა. ამ მოვლენამ შეიწირა მილიონობით ადამიანი და შეცვალა დონბასის დემოგრაფიული სურათი. ამას გარდა, 1920-იანი წლებიდან რეგიონს, მთელი საბჭოეთიდან, მასობრივად მიაწყდა ხალხი მრავალრიცხოვან მაღაროებსა და საწარმოებში სამუშაოდ. ამგვარად, დონეცკის მოსახლეობა გაიზარდა 106 ათასიდან (1926 წელი) – 700 000-მდე (50-იანი წლები)
დონბასის ,,სოვეტიზაციას’’ მოჰყვა 1930-იანი წლების სტალინური რეპრესიები, რომლებიც არაპროპორციულად შეეხო არარუს ეთნიკურ ჯგუფებს. ყველაზე მეტად მრავალრიცხოვანი უკრაინული ნაწილი დაზარალდა. ასევე სისხლისგან დაიცალა ბერძნული, გერმანული და პოლონური თემები. უკრაინული, ბერძნული, გერმანული და სხვა ევროპული ტოპონიმები გაქრა დონბასის რუკიდან – ისინი ჩაანაცვლა საბჭოთა ალტერნატივამ.
ეს მცდელობა, წაეშალათ დონბასის ისტორია, საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. შედეგად, 1991წელს, რეგიონი რუსულენოვანი უკრაინის ბასტიონად გადაიქცა, აშკარად გამოხატული საბჭოთა იდენტობით, რომელიც გამოიხატა მოსახლეობის მრავალნაციონალური შემადგენლობით, რომლის ფესვები მთელს ყოფილ სსრკ-ს სწვდებოდა.
მაგრამ არც ერთი ამ ნიშანის გამო, არ იყო ომი გარდაუვალი. დამოუკიდებელ უკრაინას უდევს თავისი წილი ბრალი იმაში, რომ ხელი არ მიჰყო დონბასის განვითარებას და ეს ნაწილი ხელში ჩაუგდო რეგიონების პარტიასა და სხვა პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს. თუმცა კრემლის პირდაპირ ჩარევამდე, ძნელად ვინმეს ეგონა, რომ რეგიონის პრორუსული სიმპათიები, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა.
რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში, უნარიანად იყენებს ХХ საუკუნის დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელმაც ეთნიკურად ჭრელი რეგიონი უკრაინული უმრავლესობით, გარდაქმნა, უპირატესად რუსულენოვან ზონად, რომელიც გამოირჩევა ძლიერი საბჭოთა ნოსტალგიით და პროკრემლისტური განწყობებით. უწოდებს რა დონბასს ,,რუსული სამყაროს’’ ნაწილს, პუტინი ეყრდნობა დონბასის ისტორიის მასობრივ უცოდინრობას და უგულებელყოფს რეგიონის განვითარების საკვანძო ასპექტს.
დონბასის ნამდვილი ისტორია მკაფიოდ მიუთითებს მის ევროპულ ფესვებსა და დასავლურ სამყაროსთან კავშირებზე. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება, შეიძლება, იყოს საპასუხო ნაბიჯი პუტინის მანიპულაციებისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის სასარგებლოდ.