გელა ბერძენიშვილი
კალათბურთი, საქართველოში, საბჭოთა კავშირში სპორტის ამ სახეობის დამკვიდრებიდან, ძალზე პოპულარული იყო და ჩვენს ქვეყანას თავიდანვე წამყვანი პოზიციები ეკავა. საბჭოთა კავშირის უკვე მეორე რეგულარულ ჩემპიონატში, 1935 წელს, თბილისის ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 1939 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ ბრინჯაოს, 1940 წელს კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. 1944 წელს პირველმა ქართული კლუბმა, თბილისის არმიელებმა სსრკ-ს ჩემპიონატში გაიმარჯვეს. მომდევნო წელს მათ მეორე ადგილი, ხოლო 1946 წელს კვლავ ოქროს მედლები ერგოთ. თბილისის „დინამო“ სსრკ-ს ჩემპიონი პირველად 1950 წელს გახდა და შემდგომში 3-ჯერ გაიმეორა ეს წარმატება, იყო ჩემპიონატის პრიზიორიც. „დინამო“ საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელია, მან ეს ტიტული 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში მოიპოვა.
ქართული საკლუბო კალათბურთის ისტორიაში, ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება 1962 წელს ჟენევაში მოპოვებული ევროპის ჩემპიონთა თასია, რომელიც თბილისის „დინამოელებმა“ უძლიერეს მადრიდის „რეალთან“ დაძაბულ ბრძოლაში (90:83) მოიპოვეს.
სანაკრებო დონეზე, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელები არაერთხელ გახდნენ ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვლადიმერ უგრეხელიძე, გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი), მსოფლიოს(ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ოლიმპიური (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია) ჩემპიონები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ფინალი აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ. ამ დრამატულ შეხვედრაში მატჩის ბედი ბოლო 3 წამში გადაწყდა და ამ კულმინაციურ მომენტში, ზურაბ საკანდელიძემ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი – მატჩი საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით – 51:50 – დასრულდა.
შესაძლოა ქალთა კალათბურთი, ამ სფეროში ათწლეულობით არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, ფართო საზოგადოებისთვის არ იყოს განსაკუთრებით აქტუალური, მაგრამ საქართველოს ჰყავდა წარმატებული ქალი კალათბურთელებიც. მათ შორის აღსანიშნავია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული (1954, 1956 წწ.).
საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, როგორც ყველა სფეროში, კალათბურთშიც უამრავ სირთულეს წააწყდა. მიუხედავად ამისა, მალევე დაიწყო ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება. 1994 წელს ჩამოყალიბდა ქალთა და ვაჟთა ნაკრებები. 1991 წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 1992 წლიდან საერთაშორისო ფედერაციის (FIBA), ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის წევრია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დაბალი ლიგიდან ჩაება კონტინენტის შესარჩევ ტურნირებში, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ეტაპზე მოხვედრილიყო. ბუნებრივია, ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან ( მათ შორის სპორტში, ზოგადად არსებული ფინანსური, ინფრასტრუქტურული და სხვა მრავალი პრობლემიდან) გამომდინარე, მიზნის მიღწევას წლები დასჭირდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის ნაკრები რამდენჯერმე წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო.
უკვე, 2011 წლიდან კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები მუდმივად წარმატებით ატარებს საკვალიფიკაციო ტურნირებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს.
ბოლო წლებია, ნაკრები თანაბრად იბრძვის ევროპული კალათბურთის მოწინავე გუნდებთან. ოფიციალურ ტურნირებზე დამარცხებული ჰყავს ლიტვის, საბერძნეთის, სერბეთის და სხვა უძლიერესი ნაკრებები. 2017 წელს, თელ-ავივის „მენორა მივტახიმ არენაზე“ გამართული ისრაელი-საქართველოს მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა დამატებით დროში გაიმარჯვა, ფიბამ ევროპის ჩემპიონატების კლასიკურ მატჩთა სიაში შეიყვანა.
იმავე წელს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო გრანდებთან, იტალიასთან, საბერძნეთთან და სერბეთთან დაპირისპირებაში მოიპოვა პრესტიჟული „აკროპოლისის თასი“. ეს თასი საბერძნეთის ტიტულოვანი ნაკრებისთვის (ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი) ძალზე ღირებულია და საკუთარ მოედანზა მათი დამარცხება დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სწორედ ბერძენი ილიას ზუროსია.
შეუძლებელია არ ავღნიშნოთ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი: ამა წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 23 თებერვალს, ბელგრადში, საქართველოს ნაკრების ყოფილი (იგორ კოკოშკოვი) და ახლანდელი (ილიას ზუროსი) გუნდების დაპირისპირებაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი სერბეთის ნაკრები, დრამატულ მატჩში – 94-90 დავამარცხეთ.
ჩვენში მუდმივად ჩნდებიან უმაღლესი დონის სპორტსმენები და ტრადიციულად მტკივნეულ „თაობათა ცვლის“ პროცესი, როგორღაც, ნაკლები დანაკარგებით მიმდინარეობს.
2000 წლიდან დღემდე ჩვენი კალათბურთელები მსოფლიოს საუკეთესო კლუბების სამიზნეში მოექცნენ. NBA-ში (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია), რომელსაც სხვაგვარად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსაც უწოდებენ, თამაშობდნენ ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია. ახლა კი, „ ინდიანა პეისერში“ 20 წლის გოგა ბითაძე ასპარეზობს.
გამორჩეული შედეგი რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას ჰქონდა, რომელმაც ლეგენდარული „გოლდენ სთეით უორიორზი“-ს შემადგენლობაში, ორჯერ მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული და ბეჭედი.
ქართველები ევროპულ გრანდებშიც გამოირჩევიან: თორნიკე შენგელია, რომელიც ამჟამად ესპანეთის „ბასკონიის“ წევრია, ევროპის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს; „ტენერიფე“-ში მოთამაში გიორგი შერმადინი კი რამდენჯერმე გახდა ესპანეთის თვის მოთამაშე. ევროპულ კლუბებში სხვადასხვა დროს წარმატებით გამოდიოდნენ ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ვატო ნაცვლიშვილი და სხვები.
სწორედ საქართველოს კალათბურთელთა ისტორიული და ამჟამინდელი წარმატებების, ასევე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დამსახურებაა, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან დაპირისპირებაში, საქართველოს ანდეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა. ხმის მიცემის პროცედურას, რომელიც მიუნხენში გაიმართა , საპატიო წევრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
ევროპის საკალათბურთოს ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში 2021 წელს უნდა გამართულიყო, პანდემიის მიზეზით 2022 წელს ჩატარდება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანაში გამართულ თუ დაგეგმილ ღონისძიებათა შორის, ყველაზე მასშტაბური იქნება.
ამ ტურნირისათვის თბილისში შენდება 10 500 ადგილიანი ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. დარბაზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2021 წლის ზაფხულისთვის. გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეს, რომელიც აშენებულია 1961 წელს, და უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენდს (მას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული) სპეციალისტების დასკვნით, ვერ ჩაუტარდება იმგვარი რეკონსტრუქცია, რომ ფიბა-ს თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დაიტიოს მინიმუმ 10 000 გულშემატკივარი.
შეიძლება ითქვას, ქვეყანას უახლოეს მომავალში ექნება დარბაზი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრს, თუ კულტურულ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლოს.