Le Figaro
ალენ ბარლუე
მე მომკლეს რჟევთან,
ვერ ვგონებ სახელს იმ ჭაობისას,
მეხუთე ასეულის , მარცხენა ფლანგზე,
დაუნდობელი შემოტევისას…
რუსეთში კარგად იცნობენ ალექსანდრ ტვარდოვსკის ამ ლექსს, რექვიემს, მიძღვნილს წითელარმიელებისადმი, რომლებიც 1941 – 45 წლებში – ,,დიდ სამამულო ომში’’ – დაიღუპნენ. რჟევის ბრძოლა, რომელიც 1942 წლის მარტიდან 1943 წლის მარტამდე გრძელდებოდა, ამოაგდეს ოფიციალური ისტორიიდან. არქივის ნაწილი დღემდე ხელმიუწვდომელია. აკადემიურ ნაშრომებში განხილულია მთელი წყება სამხედრო ოპერაციებისა და არაფერია ნათქვამი ამ უდიდეს შეტაკებაზე. რჟევის ბრძოლა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება იყო, სტალინგრადის ეპოპეის ჩრდილში, ისტორიის ბოლო ფურცლებზე მოექცა.
ისტორიკოსი ჟან ლოპესი მას ,,კოლოსალურ მარცხს’’ უწოდებს. საბჭოთა არმიამ რჟევთან 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა – დაღუპულების, დასახიჩრებულების და უგზო- უკვლოდ დაკარგულების სახით (ცნობისთვის, 1.1 – 1.3 მილიონია სტალინგრადთან ბრძოლის მსხვერპლი). კატასტროფა, რომელიც საგულდაგულოდ მიჩქმალეს, შავი ლაქაა უმაღლესი სტრატეგის სტალინისა და გენშტაბის მეთაურის მარშალ ჟუკოვის ისტორიაში. ავად თუ კარგად, ეს მდგომარეობა იცვლება. 30 ივნისს პუტინი რჟევში (230 კილომეტრი მოსკოვიდან) მიემგზავრება. ცერემონია 9 მაისისთვის უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო. პრეზიდენტმა ქალაქში მონუმენტური მემორიალი უნდა გახსნას, ერთ- ერთ უდიდესი ქვეყანაში: 25 მეტრის სიმაღლის მებრძოლი, რომლის ფერხთით გედები უნდა აფრინდნენ, იქნება სიმბოლო ბრძოლებში დაღუპული საბჭოთა მეომრებისა… სახელოვანი წინაპრები, ზვარაკად შეწირულნი თავისუფლებას – ასეთია კრემლის რიტორიკის მთავარი გზავნილი.
წითელი დროშა რჟევში
რჟევი ომის დროს სრულად დაინგრა, შემდეგ ხელახლა ააშენეს. ის დღემდე ინახავს მოწამე-ქალაქის ტკივილსა და ნაღველს. მასზე გადის ვოლგა, რომლის მდორე დინება ერთმანეთისგან ჰყოფდა საკუთარ პლაცდარმებზე განლაგებულ წითელი არმიისა და ვერმახტის მეომრებს. ყოფილი სავაჭრო ქალაქი 800 წლიანი ისტორიით, დღეს მწვავე დემოგრაფიულ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მისი მოსახლეობა 60 000 შეადგენს, ოდნავ მეტს, ვიდრე 1941 წელს იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიისთვის რუსეთისთვის შემოღებული სანქციები მძიმე ტვირთად აწევს ადგილობრივ ეკონომიკას, რომლის წამყვან დარგად მანქანათმშენებლობა მიიჩნეოდა. ახალგაზრდობა ქალაქიდან გაედინება, რადგან უმაღლესი სასწავლებლები და სამუშაო აქ არ არის. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერი, რომან კრილოვი, (40 წლის) აღნიშნავს ბოლო სამ წელიწადში გაწეულ სამუშაოს (გზები, მომსახურება). ,,გამარჯვების ძეგლის მშენებლობა – ეს ჩვენი აღორძინების დასაწყისია’’ – ამბობს ის.
ისტორიულ მუზეუმში დირექტორი ოლგა დუდკინა გვაჩვენებს 1942 წლის იანვარში გაგზავნილ ტელეგრამას – ბრძანებას დაუყოვნებლივ დაიბრუნონ ქალაქი. მოსკოვთან მარცხის შემდეგ, 1941 წლის დეკემბერში, ვერმახტი გამარდა ფრონტის გრძელ ხაზზე, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ წერტილს, რჟევი წარმოადგენდა (100X150კმ ტერიტორია). ,,წითელ არმიას სტალინის განკარგულების შესასრულებლად 15 თვე დასჭირდა’’ – ამბობს ოლგა დუდკინა. როდესაც 1943 წლის 3 მარტს რჟევში წითელი დროშა აღმართეს, ნაცისტურ შენაერთებს აღჭურვილობასთან და იარაღთან ერთად, უკვე დატოვებული ჰქონდათ ქალაქი. დანგრეულ რჟევში 250 კაცი გადარჩა.
1943 წლის 22 თებერვალს, 18 წლის მეტყვიამფრქვევე ივან კლადკევიჩი, რჟევის შემოგარენში მძიმედ დაიჭრა. ახლა 95 წლის ვეტერანი ,,ფიგაროს’’ ქალაქ ტვერში (180კმ. მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით), თავის მომცრო ბინაში მასპინძლობს და მოგვითხრობს, როგორ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ,,როცა შეტევაზე გადასვლის ბრძანება მივიღეთ, 2 მეგობართან ერთად 200 – 300 მეტრი, სადღაც 400 გასროლით გავიარეთ. მტერს მიზანში ვყავდით ამოღებული, მაგრამ მაინც წინ მივიწევდით და უცებ, ჩვენს გვერდით, ჭურვი გასკდა. ჩემი მეგობრები დაიღუპნენ, მე ფეხში დავიჭერი და დაღამებამდე უგრძნობლად ვეგდე… მერე ჩვენებმა მომაგნეს.’’
ამ მცხოვანმა კაცმა ყველა მისი ახლობელი დაკარგა და ახლა მარტო, მოგონებებთან ერთად ცხოვრობს. სტუმრებისათვის ის ისე დგება პოზაში – ,,სწორდი’’ და მედლებით დახუნძლულ ფორმას იცმევს. ერთ-ერთი ჯილდო მას კრემლში თავად პუტინმა გადასცა, რასაც სასტუმრო ოთახში გამოფენილი ფოტო მოწმობს: ,,მე არაერთ ბრძოლაში ვმონაწილეობდი, მაგრამ რჟევის ყველაზე შთამბეჭდავი იყო. ყველა საზომით უნდა დავღუპულიყავი, მაგრამ გადავრჩი’’ – ამბობს ის
მოსკოვისკენ მიმართული ხანჯალი
1942 წლის აგვისტოში ჟუკოვი სტალინის მთავარი სამხედრო მრჩეველი გახდა (ანუ პირველი – თანასწორთა შორის – წითელი არმიის ხელმძღვანელობაში). მას აკვიატებული ჰქონდა რჟევი, მოითხოვდა სულ უფრო მეტ ადამიანს და სამხედრო ტექნიკას, რომ როგორმე თავიდან მოეცილებინა ეს „ხანჯალი მოსკოვისკენ მიმართული“, როგორც ის მემუარებში წერს, სადაც მძიმე მოგონებებთან დაკავშირებული რჟევის ბრძოლა, თითქმის არ მოიხსენიება… საბჭოთა მებრძოლებმა ჩაატარეს სულ ცოტა 4 მასშტაბური ოპერაცია, რომ მინსკის, ვარშავის და ბერლინისაკენ მიმავალი გზა დაებრუნებინათ. უშედეგოდ.
ჟუკოვს, რომელმაც მარშალის სამხრეები 1943 წელს მოირგო, უპირისპირდებოდა ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალი, ვალტერ მოდელი, სიღრმისეული თავდაცვის დიდოსტატი. 1942 წელს, გონივრული მანევრებით, რეიხის მე-9 არმიის მეთაურმა მოახერხა საბჭოთა ჯარის 29-ე და 33-ე არმიების ალყაში მოქცევა. ცენტრში მოქმედი ძალების მეთაურმა, მარშალმა მიხაილ ეფრემოვმა, თვითმფრინავით ევაკუაციაზე უარი განაცხადა და ხაფანგში მომწყვდეულ მეომრებთან ერთად თავი მოიკლა. მარშალმა ივან კონევმა, ჟუკოვის მემკვიდრემ და 1942 წლის აგვისტოდან 1943 წლის მარტამდე ოპერაციების ხელმძღვანელმა, რჟევთან ასევე ჩაილეწა კბილები.
1942 წლის ბოლოს, საბჭოთა ჯარებმა წამოიწყეს ორი პარალელური ოპერაცია: „ურანი“ და „მარსი“. პირველი დაიწყო 19 ნოემბერს და მიზნად ისახავდა სტალინგრადთან პაულიუსის მე-6 არმიის განადგურებას, ხოლო მეორე წამოიწყეს 25 ნოემბერს, იგეგმებოდა რჟევის განთავისუფლება. ჩანაფიქრი გუ;ლისხმობდა გერმანული ძალების განლაგებაში ბზარის შეტანას და იმის მიღწევას, რომ ნაცისტებს ვერ შეძლებოდათ შენაერთების ფრონტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასროლა.“ჟუკოვმა მოახერხა სტალინისგან მიეღო თანხმობა ,,მარსისთვის’’ გიგანტური რესურსების გამოყოფაზე. ეს იყო წითელი არმიის მეოთხედი’’ – აღნიშნავს ჟან ლოპესი. აქ ლაპარაკი არ იყო ცრუ მანევრზე, როგორც ამას მოგვიანებით ჟუკოვი იხსენებდა, ის ამით ცდილობდა მიეჩქმალა რჟევთან მარცხი’’…
საქმე ისაა, რომ ,,ურანი’’ აღმოჩნდა წარმატებული და 1942 წლის 22 ნოემბერს, სტალინგრადთან, გერმანული არმია ალყაში მოექცა, ხოლო ,,მარსი’’ სისხლის კალოდ იქცა: მარტო ერთ თვეში, 20 დეკემბრამდე, წითელმა არმიამ 300 000 კაცი დაკარგა (100 000 დაღუპული). მეომრებმა ჟრევთან ბრძოლას ,, სასაკლაო’’ უწოდეს. არნახული მსხვერპლი. „საბჭოთა ჯარებმა ვერაფერს მიაღწიეს. მათ დაცვის ზღუდეები ვერ გაარღვიეს – განმარტავს ჟან ლოპესი – ამიტომ ამ კოლოსალური და სისხლისმღვრელი მარცხის შესახებ საბჭოთა ისტორიოგრაფია დუმს. მით უფრო, რომ მასში ბრალი მიუძღვი ჟუკოვს, გამარჯვების პირველ მარშალს, რომელსაც „არც ერთი ბრძოლა არ წაუგია“. მთავარი აქცენტი სტალინგრადზე კეთდება, რომელიც 1943 წლის 2 თებერვალს დაეცა და მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად მეორე მსოფლიო ომში.“
თქვენ ხომ არაფერი გაქვთ სტალინის საწინააღმდეგო ?
1043 წლის 4 აგვისტო სტალინმა რჟევში გაათენა. ცისფერი სახლი, სადაც გენერალისიმუსი განთავსდა, რელიქვიებით დახუნძლულ, მისი დიდების მუზეუმად იქცა. სტუმრებს აქ მარინა კოპაევა ხვდება: „თქვენ ხომ არაფერი გაქვთ სტალინის საწინააღმდეგო? აქ ჩვენ მის იდეალიზებას არ ვახდენთ, უბრალოდ, ვსაუბრობთ მის წვლილზე სსრკ-ს განვითარებასა და ფაშისმზე გამარჯვებაში. მთავარი ესაა“. წელს, საიუბილეო თარიღზე (კოვიდ-19-ის ეპიდემიამდე), მუზეუმი 4-ჯერ მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა.
ისტორიკოს სვეტლანა გერასიმოვას აზრით (ის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარია ამ პერიოდის), რჟევის ბრძოლა არ დაიყვანება რამდენიმე „ ლოკალურ“ ოპერაციამდე, როგორც ამას ისტორიოგრაფიული ვულგატა ამტკიცებს. სინამდვილეში ის სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იმხანად მეთაურობა რჟევს სტალინგრადის წინაც კი აყენებდა, ირწმუნება მეცნიერი.
„რომელ ოპერაციას ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა? ამის შესახებ ერთი აზრი არ არსებობს. ოფიციალური ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს იყო „ურანი“ სამხრეთში. ჩვენ, დანარჩენ მეცნიერებს, მიგვაჩნია, რომ ეს იყო „მარსი“, მოსკოვის დაცვა. თანაც მარსი ხომ ომის ღმერთია?“ – ამბობს სვეტლანა გერასიმოვა. მისი თქმით, რჟევზე იმიტომ არ საუბრობენ, რომ ჟუკოვმა, კონევმა და სხვა უმაღლესმა სარდლებმა ვერ დაამარცხეს გერმანელები. მთავარი სტრატეგიული ამოცანა ( მოსკოვის დაცვა) შესრულდა. მეტი არაფერი..
„1942 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა სარდლობამ ვერ ამოიცნო ჰიტლერის განზრახვა, ჩათვალა, რომ ის მოსკოვის ხელში ჩაგდებას ეცდებოდა, ისე როგორც 1941 წლის ნოემბერში- ამბობს ჟან ლოპესი. გერმანული წყაროები მიუთითებს, რომ მასშტაბური შეტევის მთავარი სამიზნე კავკასიური ნავთობი იყო, ნაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა კი, ვოლგაზე ნავთობის ტრანსპორტირების ბლოკირება. კიდევ ერთი ამოცანას წარმოადგენდა ფინელ მოკავშირეებთან გაერთიანება ლადოგიდან აღმოსავლეთით. ასე უნდა ჩამოეჭრათ ლენინგრადი და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა კრონშტადში. 1942 წელს ჰიტლერი არ ფიქრობდა მოსკოვზე ხელახალ ლაშქრობას.“
ოპერაციის მიმდინარეობა და მასშტაბები დიდი ხანი იმალებოდა არქივებში, მაგრამ 90-იან წლებში, ცნობები მაინც ამოტივტივდა. სხვადასხვა წყაროებმა და გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა დასავლელ სპეციალისტებს საშუალება მისცა შეეფასებინათ ბრძოლის მნიშვნელობა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია 2000 წლების მიჯნაზე გამოქვეყნებული ამერიკელი ისტორიკოსის, დავიდ გლანცის ნაშრომი, სადაც განხილულია მაგნიტურ ლენტზე ჩაწერილი სტალინის ბრძანებები, რომლებიც გადაიცემოდა აპარატით „ბოდო“ (ეს სახელი მას მისი შემქმნელის, ფრანგი ემილ ბოდოს საპატივცემულოდ ეწოდა).
THE NATIONAL INTEREST
რჟევის ბრძოლას მტვერი ჩამოაცილეს. მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმები, გასულ წელს ეკრანზე მხატვრული ვერსიაც გამოვიდა.
ამერიკულ THE NATIONAL INTEREST-ში გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის სტატია, სადაც ავტორი ახსენებს ტვარდოვსკის ლექსს და ახსენებს დანაკარგებს: 1 154 698 მოკლული, დაჭრილი და უგზო უკვლოდ დაკარგული: „ვასახელებ საარქივო წყაროებიდან ამოკრებილ ამ საშინელ, ტრაგიკულ და არასრულ ციფრებს პირველად და პატივს მივაგებ უცნობ და ცნობილ გმირებს, რომელთაც მრავალი მიზეზის გამო, მოიხსენიებდნენ დაუმსახურებლად, უსამართლოდ ცოტას, ან სულაც დუმდნენ“- აღნიშნავს პუბლიკაციაში პრეზიდენტი, სადაც ხასგასმულია სსრკ-ს გადამწყვეტი როლი ნაციზმზე გამარჯვებაში და გაკრიტიკებულია „დასავლური რევიზიონიზმი“. საგულისხმოა, რომ სტატიის რუსულ ვარიანტში მონაცემები უფრო მაღალია – 1 342 888.
რჟევის ტყეები და ჭაობები ჯერ კიდევ არ აბრუნებს ყველა დაღუპულს. ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია 110 000 ჯარისკაცი, მათგან მხოლოდ 70 000-ის ვინაობაა დადგენილი. ვერმახტის დანაკარგი არანაკლებ 400 000 კაცია. 2002 წელს, ქალაქის განაპირას, გაიხსნა გერმანელთა სასაფლაო. ის საბჭოთა მეომრების მეორიალის მეზობლადაა განლაგებული (ეს უკანასკნელი ასევე, 2002 წელს აშენდა). აქ არის 18 000 საფლავი.
„ყოველ წელს ათასამდე ნაშთს პოულობენ“ – ამბობს 53 წლის სერგეი პეტუხოვი, რომელიც 1988 წლიდან ბრძოლის ველზე გათხრებს აწარმოებს და ცხედრებს, საბრძოლო მასალებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ეძიებს…მის გატაცებას იზიარებენ სხვა მისი თანამემულეები, ინდივიდუალურად თუ მოხალისეთა გაერთიანებების სახით:
„როცა აღმოაჩენ ცხედარს, ემოციები გეძალება, ხელი გიკანკალებს – მოგვითხრობს ის – თუ მის მედალიონსაც გადააწყდები, ეს ნამდვილი ბედნიერებაა! პოულობ მის ოჯახს და გეუფლება გრძნობა, რომ ადამიანს სიცოცოხლე დაუბრუნე“.