ომისშემდგომი გეგმა ავღანეთისთვის
THE NATIONAL INTEREST აშშ
ჯიმ ქუქი
ავღანეთის მთავრობის წევრები, აშკარად ფრთხილად ეკიდებიან დოჰას შეთანხმების მოთხოვნას, აშშ-სა და კოალიციური სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანის შესახებ. მათი სკეპტიციზმი უნდა განიხილოს, 1989 წელს, ავღანეთიდან, საბჭოთა ძალების გაყვანის შემდგომ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების კონტექსტში, იგულისხმება, სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელმაც საბოლოოდ, 1996 წელს, თალიბანი მოიყვანა ხელისუფლებაში.
საიდუმლო არ არის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გულზე არასდროს ეხატებოდა ავღანეთში მიმდინარე ომი. ის ხშირად ჩივის, რომ სამხედროები მოქმედებენ “როგორც პოლიციელები,“ არა როგორც მეომრები და “ჩვენ ნამდვილად არ ვიბრძვით გამარჯვებისთვის”. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადებები ემოციური და საკამათოა, ისინი ასევე ასახავს საზოგადოებისა და ვეტერანთა საერთო იმედგაცრუებას ”უსასრულო ომების” მიმართ. ცხრამეტწლიანი კონფლიქტის შემდეგ, ტრამპი ამტკიცებს, რომ იგი იმპულსურად არ მოქმედებს და გამოხატავს სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ავღანეთიდან ჯარისკაცების დაბრუნება.
სამწუხაროდ, ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა დამძიმებულია. თალიბები აკონტროლებენ ქვეყნის 398 რაიონს; აშშ–ს მიერ აღრიცხული 20 უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია აქტიურად საქმიანობს ქვეყანაში; მთავრობა შიდა დაპირისპირებაშია ჩაფლული, ხოლო კორონავირუსული პანდემია საზოგადოებრივ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეს უქმნის. მიუხედავად ამისა, ამჟამად თავდაცვის უწყება ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას 12 000 – დან 8 600 – მდე ამცირებს. ეს პროცესი ივლისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს, ხოლო 2021 წლის მაისისთვის ყველა ჯარისკაცის სამშობლოში დაბრუნება იგეგმება. ასევე გაცხადდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ამზადებს გეგმას ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯარისკაცების დაბრუნების შესახებ. ჯარების გაყვანის ტემპის მიუხედავად, თალიბებმა შეიძლება მალე აახდინონ ის, რასაც მათი ლიდერის მოადგილე სირაჯუდინ ჰაქანი უწოდებს თავის “პირველ და უმთავრეს მოთხოვნას” – ავღანეთიდან უცხოური ძალების გასვლას. ეს კარდინალური ცვლილებაა 10 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც ავღანეთში 100 000 – მდე აშშ-ს ჯარისკაცი იყო დისლოცირებული. ჯარისკაცების გაწვევის გეგმის მიუხედავად, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა შექმნას ჯარის კვლავ დაბრუნების გეგმა, ავღანეთსა და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარების მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ საფრთხე შეექმნას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
2020 წლის 29 თებერვალს, დოჰაში (ყატარი), შეერთებულმა შტატებმა და თალიბებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ავღანეთში მშვიდობის დამყარების შესახებ. დოკუმენტში მითითებულია აშშ-ს ვალდებულება გაიყვანოს ”შეერთებული შტატების ყველა სამხედრო ძალა, მისი მოკავშირეები და კოალიციური პარტნიორები, მათ შორის, სამოქალაქო პერსონალი, პირადი უსაფრთხოების კონტრაქტორები, მწრთნელები, მრჩევლები და დამხმარე სამსახურების პერსონალი”. ამის სანაცვლოდ, თალიბები შეთანხმდნენ, რომ “არ მისცემენ მის რომელიმე წევრს, სხვა პირს ან პირთა ჯგუფს, მათ შორის ალ-ქაიდას, გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია და საფრთხე შეუქმნას შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.”
სამწუხაროდ, ავღანეთის მთავრობა არ იყო ე.წ. “დოჰას შეთანხმების” მონაწილე და არც მის წარმომადგენლებსა და უსაფრთხოების ძალებს დართეს ამის ნება. ერთკვირიანი ”ძალადობის შემცირების” შემდგომ, რომელიც გამიზნული იყო სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნდობის გასამყარებლად, თალიბებმა წამოიწყეს შეტევები ქვეყნის ოცდაშვიდ პროვინციაში. სავარაუდოდ, თავდასხმებით თალიბები მიზნად ისახავენ მოლაპარაკების წარმართონ ძალის პოზიციიდან და გაურთულონ მთავრობას საკუთარი ხალხის უსაფრთხოების დაცვა. საპასუხოდ, ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი ძალადობის გამო, პრეზიდენტმა აშრაფ გჰანმა შეურაცხყოფელი განცხადებები გააკეთა თალიბების მიმართ, რაც არ წაადგება კონფლიქტის მოწესრიგებას.
იმავდროულად, სისტემური კორუფცია და პოლიტიკური დაპირისპირება გჰანსა და მის კონკურენტს, დოქტორ აბდულა აბდულას შორის, ართულებს თალიბანთან მოლაპარაკებებს. პატიმრების გაცვლაში მიღწეული შედეგებისა და სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, დოჰას ხელშეკრულებაში ჩაწერილი ინტერავღანური დიალოგი ჭიანურდება. ქაბულში ასევე არის შეშფოთება, რომ ვიდრე პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებიან, თალიბები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეაფერხონ ავღანეთის მთავრობა. შეერთებულ შტატებისა და მისი „მარიონეტული რეჟიმის“ ჩამოცილება თალიბების უმთავრესი მიზანი იყო და ერთ-ერთმა მისმა მეთაურმა ახლახან თქვა, რომ ”ვიდრე ისლამური სისტემა არ დამყარდება, ჩვენი ჯიჰადი გაგრძელდება მარადჟამს”. უფრო მეტიც, თალიბების მიერ შედგენილია ჩამონათვალი, რომელშიც მოცემული 149 პუნქტი ემსახურება ისლამური ემირატის შექმნას, რაც შეუსაბამოა მმართველობის ამჟამინდელ სისტემასთან.
ავღანეთის მთავრობის ოფიციალური პირებს, გასაგებია, რომ აფრთხობთ დოჰას შეთანხმების მოთხოვნა – აშშ-სა და კოალიციური სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე. მათი სკეპტიციზმი ეფუძნება, 1989 წელს, ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გაყვანის შემდეგ მომხდარ ტრაგიკული მოვლენებს, სასტიკ სამოქალაქო ომს, რასაც მოჰყვა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლა. იგივე გამეორდება 2021 წელსაც? მეტიც, აშშ-ს ძალების სირიიდან გასვლამ გამოიწვია ბრალდებები, რომ ვაშინგტონმა ქურთებს “უღალატა”. იქნებ ქაბულია შემდეგი?
ავღანეთში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის წამოწყებისა და ქვეყნის ტერორისტული ჯგუფებისთვის თავშესაფრად გადაქცევის რისკის შესამცირებლად, ტრამპმა განაცხადა, რომ ”ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ, თუ მოვისურვეთ” და აშშ-ს სამხედროებს შეუძლიათ ”არნახული დარტყმის მიყენება, თუკი ეს დაგვჭირდა“-ო. მიუხედავად განცხადებისა „კავალერიული დარტყმის“ შესახებ, სამხედრო ანალიტიკოსები მკაფიოდ ხედავენ იმ სირთულეებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაბრუნებას მოჰყვება, თუკი მთავარსარდალი ასეთ ბრძანებას გასცემს . ტექნიკური დეტალები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ – ს სამხედრო ძალების გაყვანასთან, უმნიშვნელოვანესია, რადგან მოიცავს შეთანხმებებს იმის შესახებ, სამომავლოდ, ამ ქვეყანაში, ამერიკული შენაერთებს მიუწვდებათ თუ არა ხელი ავია და ოპერატიულ ბაზებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ძალების ოდენობიდან გამომდინარე, სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ განლაგებისა და ლოგისტიკის მოთხოვნები, ხელი შეუწყონ ქმედითი და ეფექტიანი პლაცდარმის შექმნას ავღანეთში. ეს ოპერატიული განზრახულობები (და პოტენციური შეზღუდვები) ააშკარავებს ძლიერი და მუდმივი სადაზვერვო პუნქტის აუცილებლობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პოტენციური საფრთხეების ადრეული აღმოჩენა- გაფრთხილება ავღანეთში ძალების გადასასროლამდე.
ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტები სავარაუდოდ გაითვალისწინებენ, რომ ავღანეთში ძალების ნებისმიერი ხელახალი გადასროლა იქნება ცალმხრივი ოპერაცია. დოჰას ხელშეკრულების თანახმად კოალიციურმა პარტნიორებამა უნდა გაიყვანონ სამხედრო ძალები შეერთებული შტატების პარალელურად. ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევენ ავღანეთში დაბრუნების ბრძანებას, თუკი კრიზისი უშუალოდ არ დაემუქრება ალიანსს. აშშ-ნატოს დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო ართულებს ამ სიტუაციას.
დებატები იმის შესახებ, დოჰას შეთანხმება კარგია თუ ცუდი, არის უაზრობა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას უკვე გადაწყვეტილი აქვს აშშ-ს სამხედრო ძალების გამოყვანა ავღანეთიდან, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. სამწუხაროდ, თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის პოლიტიკური მოლაპარაკების პერსპექტივები შორეულია და კიდევ ერთი სამოქალაქო ომის წამოწყებისა და ქვეყნის ტერორისტთა ნავსაყუდელად ქცევის საფრთხე ძალზე დიდია. ავღანეთი ცნობილია, როგორც ”იმპერიათა სასაფლაო”, მაგრამ მის ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვება, თუ შეთანხმება დაირღვა და ქაოსმა დაისადგურა. ახლა საჭიროა უამრავი ოპერატიული საკითხის გადაჭრა და შესაბამისი რესურსების მოძიება, სამხედრო ძალების ისეთი ხელახალი გადანაწილებისთვის, რომ აშშ-ს ნაციონალური ინტერესებს ნაკლები საფრთხე დაემუქროს.
იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით
მოამზადა ირაკლი კახეთელიძემ