La Vanguardia ესპანეთი
გონსალო არაგონესი
ჩინეთის უჰანში კორონავირუსის აფეთქებამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთი უკვე ეჭვობდა, რომ იყო ადგილი, სადაც ბიოლოგიური იარაღი მუშავდებოდა. საქართველოს დედაქალაქ თბილისის შემოგარენში მდებარე, აშშ-ს მიერ დაფინანსებული ლაბორატორიის ირგვლივ, მოსკოვი არარერთ თეორიას თხზავს.
რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამთავრობო მედია, ხსენებულ ლაბორატორიას ადანაშაულებს სახიფათო ექსპერიმენტების წარმართვაში და მოითხოვს მის შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ბიოლოგიური ომისთვის მზადება.
საქართველო, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას და რომელიც 2008 წლის აგვისტოში მეზობელს უკვე ეომა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, უარყოფს ამ ბრალდებას და მას“დეზინფორმაციას“ უწოდებს. მეტიც, ლაბორატორიის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ არსებული ეპიდემიის პირობებში ცენტრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება – 18 ივნისისთვის, საქართველოში 888 კორონავირუსით ინფიცირებული და 14 დაღუპულია აღრიცხული: ქვეყანა რეგიონში ამ სენით ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული.
გასულ უქმეებზე საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსთან შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ლაბორატორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის, რომელის ამერიკელი სენატორის – რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს.
„საქართველოში დაავადების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიმყოფებით. პანდემიის დასაწყისში დაავადების ეროვნულ ცენტრთან არსებული ლუგარის ლბორტორია 100-დან 150-მდე PCR ტესტირებას ახერხებდა ყოველდღიურად, სადღეისოდ კი, 4 500 ანალიზი კეთდება 24 საათში“ – განმარტა მან. წლის ბოლოსთვის, ქვეყანაში დღიურად 100 000 ტესტირება იგეგმება.
ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2013 წელს მთავრობის კონტროლით გაიხსნა. იანვარში ცენტრმა დაიწყო კოვიდ-19-ის კვლევა. როცა ჩინეთმა და რუსეთმა კორონავირუსის შექმნაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს, რუსული მედია ვაშინგტონის კრიტიკას შეუერთდა. ამ ქვეყნის ზოგიერთი მედია საშუალება კიდევ უფრო შორს წავიდა და კორონავირუსის შექმნა ლუგარის ლაბორატორიას დასწამა. ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა რომ ეს იყო „ ჩვეულებრივი პროპაგანდა“.
ეს ბრალდებები ძირითადად რუსეთში მცხოვრები, 90-იან წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებებს ეფუძნება, რომელმაც 2018 წელს თქვა, რომ C ჰეპატიტზე მიმდინარე საიდუმლო კვლევების დროს, ლაბორატორიაში 30 ადამიანი დაიღუპა. მან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა მომხდარის გამოძიება. საქართველომ მისი ვერსია კატეგორიულად უარყოფო.
გასულ კვირას რუსეთის ელჩმა ეუთოში, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა ,რომ ლუგარის ლაბორატორია გამოიყენება „ვირუსული მუტაციებისა და ბიოლოგიური იარაღისთვის“. რუსი კოლეგის საპასუხოდ აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა თქვა, რომ „ამგვარი დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ძალიან სამწუხაროა.“ ამასთან მან შენიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ძალისხმევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახალ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევა-შემუშავება.
რუსეთის მთავრობა არარერთხელ გამოთქვამდა ეჭვს ამ ლაბორატორიის საქმიანობისადმი და ობიექტზე დაშვებას ითხოვდა. უკანასკნელად ასეთი სურვილი, მაისის ბოლოს გამოითქვა. „ჩვენს შეშფოთებას იწვევეს ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი არ ასაჯაროებს, თუ კონკრეტულად რა კვლევები მიმდინარეობს რუსეთის საზღვართან ახლოს. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს ამ საშიშროებაზე, გამომდინარე ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებიდან“ – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. მანამდე მათ აშშ დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ლაბორატორიაში სამხედრო კვლევები მიმდინარეობს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ამგვარი ვალდებულების არარსებობისა, მზადააა მიიღოს საერთაშორისო დელეგაცია ბიოლოგიური იარაღის შესახებ არსებული კონვენციის შესაბამისად, მათ შორის რუსი ექსპერტები. 2018 წელს საქართველოში უკვე გაიმართა ანალოგიური საერთაშორისო მიღება, რომელშიც მონაწილეობდა 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი, თუმცა რუსეთმა ეს ღონისძიება „პროპაგანდიტულ სწავლებად“ ჩათვალა და მას არ შეუერთდა. ახლა კი მოითხოვს ლაბორატორიაში დაშვებასა და დოკუმენტაციის გაცნობას, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით.
როგორც ჩანს, განხეთქილების ვირუსი ლაბორატორიაში არ იბადება და სავარაუდოდ, ამგვარ ვირუსს გაქრობა არ უწერია.