ლიზი ბარტყულაშვილი
ქვეყნის მრავალეთნიკურობა მისი კულტურული მრავალფეროვნების გამსაზღვრელია. საზოგადოებას კი, სადაც ადამიანებს ეროვნული ნიშნით რაიმე უპირატესობას არ ანიჭებენ, შეგვიძლია ვუწოდოთ ჰარმონიული და პერსპექტიული.
საუკუნეების განმავლობაში, სახელწიფოებს უჭირდათ ისეთი ადამიანების საკუთარ ტერიტორიაზე მიღება, რომლებიც მათი მკვიდრი მოსახლეობის სტანდარტებს არ ერგებოდნენ. ისინი მათ დევნიდნენ, იძულებით ამუშავებდნენ და სხვადასხვა სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით: ისინი რაიმე ნიშნით განსხვავდებოდნენ დანარჩენისგან. ბუნებრივია იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ასეთი ხალხის დაცვას და იბრძოდნენ მათი უფლებებისათვის: მარტინ ლუთერ კინგმა, რომელიც შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის არაძალისმიერი ხერხებით იბრძოდა, ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში.
საბედნიეროდ, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ განვითარებული, თანამედროვეობასთან ადაპტირებული, ღირსეული სახელმწიფოს შექმნა, საჭიროებს ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას და ყოველივე განსხვავებულის მიმართ მტრულ დამოკიდებულების აღმოფხვრას.
ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ მმართველობის საუკეთესო ფორმა დემოკრატიაა. დემოკრატია კი, რა თქმა უნდა სხვა ფასეულობებთან ერთად, ნებისმიერი ეთნოსის პატივისცემას გულისხმობს, როცა კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმრავლესობა აღიარებს სხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურას, ტრადიციებს და მათ როგორც თანასწორს, ისე ეკიდება.
ეთნიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამერიკა, სადაც ადამიანების დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით ყოვლად მიუღებელია, თუმცა ვერ უგულებელვყოფთ ბოლოს მომხდარ ფაქტს, როდესაც პოლიცია წამებით გაუსწორდა ფერადკანიან მამაკაცს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც მაქსიმალურად დემოკრატიული და თანასწორი იქნება, ის ვერაფერს გახდება, თუ თავად მოქალაქეებმა არ გაიაზრეს რასიზმის მანკიერება და ის საშიშროება, რომელსაც იგი საზოგადოების ჰარმონიულ და სტაბილურ განვითარებას უქმნის.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ქვეყანა ეთნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია და აქ არ ხდება ეთნიკური უმცირესობების სისტემური დევნა, შეურაცხყოფა – პირიქით, საკმაო დიდი თავისუფლება და პრივილეგიები აქვთ განსხვავებული ეთნოსის ადამიანებს, რაც ნამდვილად უსვამს ხაზს ქვეყნის ღირებულებებს.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება გადაიჭრას რომელიმე ერთ გეოგრაფიულ არეალში – ფლოიდის პრეცედენტი ამის ნათელი ილუსტრაციაა. გარდა ამისა, ამ სამყაროში მრავლად არიან ქვეყნები, სადაც ეთნიკური შეუწყნარებლობა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, ისე, როგორც არიან ადამიანთა ჯგუფები, რომელთათვისაც კვლავ მტრად აღიქმება „განსხვავებული“ ადამიანი. ამ განწყობის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, მათი ცნობიერების ამაღლების გზით. თუმცა, გადამწყვეტი როლი ამ კუთხით მაინც ოჯახს ენიჭება. მომავალი თაობა თავიდანვე უნდა იზრდებოდეს ფასეულობებით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად რასის, სქესისა და რელიგიური აღმსარელობისა.