COUNCIL ON FOREIGN RELATIONS აშშ
სტივენ სესტანოვიჩი
რუსეთი იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელიც კორონავირუსულმა პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა და ამ ვითარებაში, პრეზიდენტი პუტინი აწყდება მოულოდნელ გამოწვევებს. ის იძულებული იყო გადაედო რეფერენდუმი საკუთარი ძალაუფლების გაგრძელების საკითხზე, მსოფლიოში ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო მისი, როგორც კრიზისის მენეჯერის უნარი, სერიოზულ გამოცდას გადის.
პუტინის პანდემიის საპასუხო საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე ხშირად ახსენებენ მის რეიტინგს გამოკითხვებში, რომელიც უმდაბლესია მისი მმართველობის განმავლობაში; ან იმ ვითარებას, რომ ის სულ უფრო ხშირად გამოდის ტელევიზიით, ასევე სხვა პოლიტიკოსების პოზიციების გაძლიერება – დასუსტებას. ამ უკანასკნელთა რიგში შედის მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი (ის აშკარად თვალშისაცემია) და პრემიერ – მინისტრი მიხაილ მიშუსტინი (იმყოფება თვითიზოლაციაში , რამდენადაც აკორონავირუსის ანალიზმა დადებითი პასუხი გამოავლინა), ასევე რეგიონული გუბერნატორები, რომელთაც პუტინმა მიანდო საკუთარი შეხედულებებისამებრ განიხილონ ეკონომიკური საქმიანობის განახლების საკითხი.
პუტინის ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნა, მას საკვანძო ფიგურად აქცევს პანდემიის პოლიტიკური შედეგების უკეთ გააზრებისთვის. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფო ორგანოებზე გავლენის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით, ეს ეხება უსაფრთხოების სისტემის ბიუროკრატიულ აპარატს. ,,ძალოვანი უწყებები’’, რომლებსაც მიაკუთვნებენ სპეციალურ სამსახურებს, შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას და სამხედრო- სამრეწველო ისტებლიშმენტს, უპირატესად განსაზღვრავენ რუსეთის პოლიტიკის მომავალს.
საკონსულტაციო ცვლილებები გადაიდო
პუტინის გეგმის ბუნდოვანება, დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის შემდგომ, გავლენას ახდენს არა იმდენად სამხედრო – სამრეწველო კომპლექსზე, რამდენადაც თავად პუტინზე. მისი ძალაუფლება და პრესტიჟი შესაძლოა შესუსტდეს, თუ მან უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. საპრეზიდენტო ძალაუფლების შესუსტება გარკვეულწილად ხელსაყრელია ზოგიერთი შემადგენლისთვის ,, სახელმწიფო სახელმწიფოში’’. პუტინს გაუძნელდება თავისუფლად დასაჯოს ისინი, ვინც მის უკმაყოფილებას იწვევს, ან პრივილეგიებით გაანებივროს ბიუროკრატიული აპარატის ურთირთდაპირისპირებული რგოლები. ძლიერი პოლიტიკური ლიდერის ნაკლებობა მთლიანობაში სისტემისათვის ნაკლია, მაგრამ გარკვეული უწყებები ამას, როგორც წესი, მიესალმებიან. პუტინი წლების განმავლობაში უპირატესობას ძალოვან სამინისტროებს ანიჭებდა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების დაყოვნება, უფრო მისთვისაა პრობლემა, ვიდრე სამინისტროებისთვის.
ეკონომიკური სიმყიფე
ნავთობის მსოფლიო ფასის ვარდნა შეიძლება დიდ თავსატეხად იქცეს ნაციონალური უსაფრთხოების აპარატისთვის. უკეთეს პირობებშიც კი, შემოსავლის კლება ნედლეულის სექტორიდან, მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომლის მესამედს სწორედ ენერგორესურსებიდან მიღებული თანხები შეადგენს. რუსეთის მთავრობა იძულებული იყო უარი ეთქვა საბიუჯეტო შეზღუდვებზე და დახმარება გაეწია ბიზნესისა და უმუშევრებისთვის, სამედიცინო მომსახურებასა და ეკონომიკის მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებებზე. ასე რომ, უწყებრივი ბიუჯეტები შეივსება არათანაბრად და ძალოვან უწყებებს მოუწევთ ქამრების შემოჭერა. რესურსებისთვის ბრძოლა ბუნებრივიდ გამოიწვევს უთანხმოებას ,,სახელმწიფო სახელმწიფოში’’. უსაფრთხოების სამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის შესაძლოა გაჩნდეს კოლიზია, თუ ვისზე უფრო პრიორიტეტულია დაფინანსების გამოყოფა. თავად არმიას მოუწევს იმაზე ფიქრი, რომელ სფეროში უნდა მოახდინოს ასიგნაციების შეკვეცა, იქნება ეს იარაღის შესყიდვა, პირადი შემადგენლობის ხარჯები თუ საბრძოლო- სასწავლო მომზადება.
კრიზისის შემდგომ
რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პანდემიის კვალად წამოიჭრება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების პრობლემა. ეს საკითხი განსაკუთრებულია ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიიდან და ნაციონალური უშიშროების სამსახურის მრავალსახეობიდან და მისი გავლენიდან გამომდინარე. კრიზისი ყოველთვის აფართოებს შესაძლებლობებს იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ,,სახელმწიფოს სახელმწიფოში’’. არაერთი კომენტატორი პუტინის აღზევებას 90-იანი წლების მიწურულს არსებულ კრიზისს უკავშირებს. ასევე პრობლემაა ბიუროკრატიული პაექრობა. თანდათან ჩნდება სარწმუნო ცნობები (რაც პუტინს ძალიან აღიზიანებს) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ. როსგვარდიას შორის დაპირისპირებაზე, ეს უკანასკნელი აპირებს მაისის დღესასწაულებზე თვითიზოლაციის კონტროლი უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით განახორციელოს. ჯერჯერობით პუტინი ამჯობინებს არ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხელი მოაწერა ბრძანებულებას ,რომლითაც ამ უფლებამოსილებას პრემიერ – მინისტრს გადასცემს. 11 მაისს ის შეუდგა ეკონომიკური საქმიანობის თანდათანობით აღდგენას, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა ადრინდელზე უფრო მზარდია: ასეთ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება გარდაუვალია.
როცა რუსეთში პრობლემის გადაჭრას პრემიერს მიანდობენ, ეს ნიშნავს, რომ საკითხი ჯერ კიდევ ,,ვერ მომწიფდა’’ ნაციონალური უსფრთხოების დონემდე. პანდემიის მასშტაბისა და შედეგების საზომად შეიძლება გამოდგეს ისიც, როგორ იმოქმედებს პუტინი: დღევანდელი პრინციპით იხელმძღვანელებს, თუ ძალოვან ინსტიტუტების უფლებამოსილებას გაზრდის.