ფიქრები ბოლნისის სიონთან
დგას ბრძენთა-ბრძენი ტაძარი მშვიდად,
ერის სინდისით, ერის წარსულით,
და შუბლს უნათებს წარწერა წმინდა,-
ბგერაღვთიური პირველქართული.
დედავ, ტაძარო! ვითარცა მწყემსმა
იმოციქულე თვით მაღალ ღმერთთან,
აამეტყველე ქართულით ისე
წმინდა ტაძრები ივერიელთა.
შემოგჯავრია მთები ზვიადად,
უდრეკი ქედით და მხარ-ბეჭებით,
შემოუნახავთ მათ დღე-მზიანებს
შენი ანბანის ანაბეჭდები.
კვლავაც გაჩნია მკლავი ვერაგის,-
ნაიარევი ჩანს ქვათაწნული,
შემოგაფხრიწეს ბევრჯერ პერანგი,
ვერ ამოშანთეს ენა ქართული.
შემოგვინახე ვით სული წმინდა,
თუმც, ჯვარზე გაცვეს, თუმც ბევრჯერ დაგწვეს,
და ვერ მოწყვიტეს გაჩენის დღიდან
ქართველი -ქართულს, ქართული – ქართველს.
მიხეილ ოქრიაშვილი