Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ისტორიის მანძილზე, მსოფლიოს არაერთი რთული ეკონომიკური კრიზისი გადაუტანია. მათ შორის ყველაზე მასშტაბური და მძიმე შედეგების მქონე 1930-იანი წლების დიდი დეპრესია და 2007-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო.


დღეს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური კრიზისი მიმდინარეობს, რომლით გამოწვეული სტაგნაციის მასშტაბმაც უკვე გადაასწრო გასული ათწლეულის მსოფლიო ფინანსურ კრიზისს. სტაგნაცია ეკონომიკაში წარმოების დაცემას ნიშნავს, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემცირების შედეგად. მოთხოვნა კი პირველადი მოხმარებისა და სასურსათო პროდუქტების გარდა ყველაფერზე დაეცა, რადგან ადამიანები უარყოფითი მოლოდინის გამო მაქსიმალურად ზოგავენ ფულად სახსრებს. არაერთ ქვეყანაში უმუშევრობამაც ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.


როგორც წესი, კრიზისები ადრე თუ გვიან მთავრდება და ეკონომიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება, მაგრამ კრიზისი, რომელშიც ახლაა მსოფლიო, არავინ იცის, როდის და რა შედეგებით დასრულდება. ყოველი წინა ეკონომიკური კრიზისი თავად ეკონომიკაში არსებული ფაქტორებით იყო გამოწვეული და მაკრო და მიკროეკონომიკური ინსტრუმენტებით აღმოიფხვრებოდა, ახლანდელი ვითარება კი რადიკალურად განსხვავებულია, იქამდე სანამ არც ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი და ვაქცინა არსებობს და არც ისაა დანამდვილებით ცნობილი, ამ ტალღის გადავლის შემდეგ ახალი ტალღა იქნება თუ არა, ყველა პროგნოზს დამაჯერებლობა აკლია.
იმისთვის ხაზგასასმელად, რომ ეს კრიზისი წინამორბედებისგან სრულიად განსხავებულია, ეკონომისტებმა (თავდაპირველად, შრი-ლანკელმა პროფესორმა, აჯით დე ალვისმა), ახალი ტერმინი – „კორონომიკა“ შემოიღეს, რომელიც კორონავირუსის პირობებში მოქმედ ეკონომიკას აღნიშნავს.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო დონის საგანგებო სიტუაციად ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. ვინაიდან ეს პანდემია მსოფლიოში პირველად გავრცელდა, ბუნებრივია, არავის ჰქონია წინასწარ შედგენილი გეგმა, როგორ ემოქმედა ასეთ სიტუაციაში. ამიტომ ყოველმა ქვეყანამ მოქმედების სხვადასხვა, თავისებური სტრატეგია აირჩია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოების ხელისუფლებებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ვარდნას შორის მოუწიათ არჩევანის გაკეთება.
კორონავირუსთან საპასუხო ქმედებების მიხედვით რამდენიმე თავისებური მიდგომა წარმოიშვა:
მასობრივი ტესტირება  – მას ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და ტაივანმა მიმართეს, რადგან საკმარისი რაოდენობის ტესტებზე მიუწვდებოდათ ხელი. მათ ყველაზე სწრაფად მოაქციეს ვირუსის გავრცელება კონტროლის ქვეშ;
იზოლაცია  –  რომელსაც პირველ რიგში ევროპამ და შემდეგ დანარჩენი მსოფლიოს უმრავლესობამ მიმართა. დაიხურა საზოგადოების თავშეყრის დაწესებულებები და აიკრძალა შეკრებები, მრავალი კომპანია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე;
დაგვიანებული რეაქცია –  ასეთია აშშ-ს მაგალითი. დონალდ ტრამპმა სათანადოდ ვერ შეაფასა ვირუსის მიერ შექმნილი საფრთხე. მსგავს სიტუაციაშია რუსეთი, რომელიც თავდაპირველად უარყოფდა კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინფიცირებულთა რიცხვი;
უმოქმედობის მიდგომა –  რამდენიმე ქვეყანამ თითქმის არავითარი ზომა არ მიიღო კორონავირუსის საპასუხოდ და უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე შედეგებს იმკის –  ზოგი დაავადებას ობიექტურად აღრიცხავს (შვედეთი), ზოგი არც ისე გულწრფელად (ბელარუსი).
რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ფიქსირდება ახალი შემთხვევები, ქვეყნის საპასუხო ქმედებები მსოფლიოში მაინც სამაგალითო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთავრობამ მაქსიმალურად გაითვალისწინა მედიცინის სპეციალისტთა რეკომენდაციები. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, სადაც დაწესდა საზღვრებისა და აეროპორტების სამედიცინო კონტროლი, შემდეგ კი ჩაკეტა სახელმწიფო საზღვრები, დახურა სასწავლო დაწესებულებები, ასევე სავაჭრო ცენტრების დიდი ნაწილი და გამოაცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დროულად და სწორად განხორციელებული გადაწვეტილებების შედეგად, საქართველომ მაქსიმალურად შეამცირა ვირუსის გავრცელების მასშტაბი, თუნდაც მის ოთხივე მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით. მიუხედავად პანდემიასთან წარმატებული ბრძოლისა, საქართველოს ეკონომიკა მაინც დაზარალდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით 2020 წელს -4%-იანი კლებაა მოსალოდნელი; დადებით ნიშნულს კი ეს მაჩვენებელი 2021 წელს დაუბრუნდება.
კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესარბილებლად საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამოცხადებიდან მალევე შეიმუშავა შემდეგი ეკონომიკური ღონისძიებები: ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს(სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ.) გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები, ეროვნულმა ბანკმა შეარბილა საბანკო რეგულაციები, მოქალაქეებს სამი თვით გადაუვადდათ საბანკო სესხები, მთავრობის გადაწვეტილებით დღგ-ს დაბრუნებები გაორმაგდება – 600 მლნ-დან გაიზრდება 1200 მლნ-მდე და ა.შ.


ქვეყნის ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყო იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში გავიდნენ, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი 750 ლარს არ აღემატება.
საქართველოში COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა, შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, ფონდში აკუმულირებული თანხები ვირუსით გამოწვეული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. 29 მაისის მდგომარეობით, ფონდში ჩარიცხულმა თანხებმა 133 მლნ-ს გადააჭარბა. (მაგთიკომი – 3 მლნ, „არემჯი“- 1 მლნ, სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ და ა.შ.)
იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულებია საქართველოს ეკონომიკის მთავარ დარგად ტურიზმი ითვლება, ყველაზე დიდი ეკონომიკური ზიანი ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ინდუსტრიამ მიიღო. სამი თვეა გაჩერებულია ტურისტული ბიზნესი და უმუშევრად დარჩა ათასობით ადამიანი, თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმისთვის გაიხსნება. მთავრობის მიერ წარდგენილი ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.
ასეა თუ ისე, კორონავირუსმა ნამდვილად შეცვალა მრავალი ეკონომიკური შეხედულება და დეგლობალიზაციის მხარდამჭერი განცხადებები მოამრავლა, რომელთა თანახმად სახელმწიფოების ჭარბი ურთიერთდამოკიდებულება დამღუპველია კრიზისების პერიოდში (რაც არ შეესაბამება სიმართლეს, როდესაც კრიზისის წინააღმდეგ ქვეყნები შეთანხმებულად მოქმედებენ და არა ცალ-ცალკე, როგორც ახლა). ქვეყნების უმრავლესობამ აღმოაჩინა, რომ არ იყო მზად მსგავსი კრიზისისთვის, ამდენად სასწრაფოდ უნდა მიეღო ზომები და სამუდამოდ შეეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა. მრავალმა კომპანიამ გამოსცადა დისტანციურად მუშაობის პრაქტიკა და გააცნობიერა, რომ სახლის კომფორტიდან მუშაობის შესაძლებლობა მომუშავეების პროდუქტიულობას არათუ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც.
ამჟამინდელი კორონომიკური კრიზისი საქართველოსთვისაც გაკვეთილია. საქართველოს სამომხმარებლო კალათის 80% უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციისგან შედგება, მისი უდიდესი ნაწილი კი სურსათია, რაც ნიშნავს, რომ თუ რაიმე სხვა კრიზისის გავლენით საზღვრები კიდევ უფრო დიდი ხნით ჩაიკეტა და იმპორტი შეიზღუდა, საქართველო ვერ უზრუნველყოფს იმდენი პროდუქციის წარმოებას, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებოს, ამიტომ აუცილებელია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დაუყოვნებლივი განვითარება.
გარდა ამისა, ჩინეთის საეჭვო ქმედებებმა ვირუსზე ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელების შესახებ, შემდეგ კი მისმა სრულმა ჩაკეტვამ და ექსპორტის შეზღუდვამ, მსოფლიოს მსხვილ კომპანიებს გადააწყვეტინა, ჩინეთიდან რაც შეიძლება მალე გადაიტანონ წარმოება სხვა ქვეყნებში. ეს აძლევს საქართველოს დიდ შესაძლებლობას მოიზიდოს ეს მულტინაციონალური კომპანიები საწარმოების გასახსნელად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთანაც.

ავტორები:გიორგი ჯმუხაძე, სალომე ხუმარაშვილი

By admin

You missed