ქალაქი, რომელიც შესაძლოა რუსეთის ბერგამოდ იქცეს
შელამაზებული სტატისტიკა, სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა და თავზე ხელაღებული მაცხოვრებლები: რუსეთის ულიანოვსკს ბერგამოს ბედი ელის – ქალაქი, შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად იქცეს.
ბერგამოში, დიდი ხანია აღარ არის ადგილი დაღუპულთათვის. მილანის სიახლოვეს მდებარე ქალაქი 120 ათასი მაცხოვრებლით, ევროპაში კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა. იქ ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა მოსდევს დიდხანს ჭოჭმანს და საფრთხის შეუფასებლობას.
მალე იგივე უბედურება შეიძლება დაატყდეთ თავს ულიანოვსკის მაცხოვრებლებს. ქალაქი, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, 850 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ვოლგის პირას მდებარეობს. აქ მისი 600 ათასი მო ქალაქე მშვიდი ცხოვრების წესს მისდევს. კორონავირუსულმა პანდემიამ, რომელმაც მთელი სამყარო მოიცვა, ულიანოვსკში ბევრს მითად მიაჩნია.
„ვირუსი? რა ვირუსი? ეს შეთქმულებაა და არა ვირუსი – ამბობს 35 წლის მეწარმე ოლგა – ის ჩინელებმა მოსდეს მსოფლიოს, რათა ევროპასა და აშშ-ს გადაასწრონ. მათ ვაქცინა უეჭველად აქვთ“. მის ციტირებას ახდენს THE MOSCOW TIMES-ი.
ეს ქალბატონი არ არის ერთადერთი ულიანოვსკში, ვინც ასე ფიქრობს. მოსკოვის მოწოდებები, დაიცვან კარანტინის მოთხოვნები, ქალაქში გამოძახილს ვერ პოულობს. ამ დროს კი, კარგახანია, რაც ვირუსმა ულიანოვსკამდე მიაღწია.
ნულოვანი პაციენტი
ნულოვან პაციენტად სავარაუდოდ, იქცა ახალგაზრდა კაცი, გვარად როჟკოვი. ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის შვილმა, ვირუსი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოიტანა, სადაც ის სწავლობდა. 16 მარტს, როცა მოზარდი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მამამ ხელი მოჰკიდა და საავადმყოფოდან საავადმყოფოში დაატარებდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ეს ნაბიჯი შვილის უსაფრთხოებისთვის გადადგა, მას შემდეგ, რაც მოზარდის ანალიზმა კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
ინტერნეტ ქსელში, მშობელმა ბოდიშიც მოიხადა იმის გამო ,რომ არ დაიცვა კარანტინის მოთხოვნები და იქვე დაამატა: ბოლოს დაბოლოს ბრიტანეთი იმხანად არ მიიჩნეოდა რისკის ზონად. დიაგნოზის დასმამდე კი მოზარდმა ქვეყანა მოიარა: იმყოფებოდა მოსკოვში, სამარაში, დიმიტროგრადში და რა თქმა უნდა ულიანოვსკში. რამდენ ადამიანს გადასცა მან ვირუსი ამ ხნის განმავლობასი, უცნობია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა ქალაქში, მაგრამ ექსპერტებსა და ექიმებს ამ მონაცემების არ სჯერათ.
ექიმები შელამაზებულ სტატისტიკას აკრიტიკებენ
,, ჩვენთან დღემდე არ არსებობს ჩამოყალიბებული ტესტ-სისტემა. ასე რომ, პრობლემის მასშტაბის მიახლოებით წარმოდგენაც არ შეგვიძლია -ამბობს ალექსეი კურინნი, ულიანოვსკის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი და ქალაქის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი – ტესტირებულია მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობა, ეს ციფრები ჩვენ არ გვაძლევს ეპიდემიის სრულ სურათს’’.
კურინნი შიშობს, რომ რუსეთში მოვლენები ,,იტალიური სცენარით’’ განვითარდება, ულიანოვსკი კი რუსეთის ბერგამოდ იქცევა: ,,ჩვენ არ გვაქვს საჭირო რაოდენობის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ჩვენ ისიც არ ვიცით , საერთოდ რამდენი აპარატი მოგვეპოვება – ადრე 325-ს ამბობდნენ, ახლა 436-ს ასახელებენ, ამ ციფრებს ვერ ენდობი.’’
ქალაქის ექიმების შეშფოთებას საეჭვო ციფრებთან ერთად სამედიცინო აღჭურვილობის მხრივ არსებული სიტუაციაც იწვევს. ,, ჯანდაცვის სამმართველოში კი ამბობენ, რომ რეგიონში 436 ხელოვნური სუნთქვის აპარატია, მაგრამ როგორ ითვლიან? -აღშფოთებულია ადგილობრივი ექიმი -საწყობებიდან ძველი აპარატები ამოიღეს, მათ შორის ნაწილი უმოქმედო და ისიც მიათვალეს.’’ კურინნი, რომელიც ადრე ულიანოვსკის სამხარეო სპეციალური სამედიცინო სამსახურის მთავარ ექიმად მუშაობდა, იზიარებს ამ ვერსიას: ხელოვნური სუნთქვის აპარატი სრულად ამორტიზებულია. თუ რეალისტურად შევხედავთ, 100 აპარატზე ნაკლები გვაქვს.
შავბნელი პროგნოზები ულიანოვსკისთვის
სხვა მედიკოსები უჩივიან, როგორც მედპერსონალის, ისე მოსახლეობისთვის საჭირო უსაფრთხოების საშუალებათა კატასტროფულ უკმარისობას. აფთიაქებში არ არის სამედიცინო ნიღბები, სამედიცინო ცენტრებში კი პროფესიონალური დაცვის ნიღბები და კოსტიუმები – ამბობს დმიტრი მალიხი, ულიანოვსკელი პედიატრი – ექიმები და ექთნები იძულებულნი არიან თავად, სახელდახელოდ შეკერონ ნიღბები ჩვილების საფენებისა და მარლისაგან.
მეორე ექიმი, რომელიც ქალაქის საავადმყოფოში მუშაობს, ამბობს, რომ მის კოლეგებს ერთჯერადი რესპირატორები გადასცეს: ,,ისეთი როგორიც სამშენებლო ბაზრობებზე 1,5 დოლარად იყიდება. ფაქტობრივად, ვმუშაობთ დაუცველნი – ექთნებს ესეც არ ერგოთ’’.
აი, ამიტომ ფიქრობს კურინნი, რომ ულიანოვსკის პერსპექტივა პესიმისტურია. ,,რას უნდა ელოდო, როცა ექიმებსაც არ უზრუნველყოფენ დამცავი ნიღბებით? როცა პაციენტთა რიცხვი გაიზრდება 800-დან 1000-მდე, ჯანდაცვის რეგიონალური სისტემა მას ვერ გაუმკლავდება’’ – ასეთი მძიმეა პროგნოზი.