ეკოლოგია მანიპულაციის ტყვეობაში

 

ლიზი ბარტყულაშვილი

ეკოლოგია

          ეკოლოგია ყოველთვის იყო და არის ჩვენი პლანეტისათვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კაცობრიობა დასაბამიდან დღემდე იზრდება და ვითარდება. ბუნებრივია,  განვითარება პოზიტური პროცესია, თუმცა,  მას, ისე როგორც ყველა პროცესს, აქვს ნეგატიური მხარე.

კაცობრიობას განვითარებისათვის სჭირდება სხვა და სხვა რესურსი, რომლის მოძიებასაც ხშირად ბუნებიდან ცდილობს. სწორედ ეს ხდება  გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი. ჩნდება კითხვა- რა უნდა ვქნათ? როგორ დავიცვათ ბუნება მსგავსი პრობლემისაგან? არსებობს ასეთი ცნება, მდგრადი განვითარება — რომელიც ვიკიპედიაში ასეა განმარტებული „საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.[1] გარდა იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს გარემოს დაცვითი ინსტიტუციები, როგორიცაა  გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის გენერალური ინსპექცია და გარემოს დაცვის ინსტიტუტი და ა.შ ამ საკითხზე აქტიურად დაიწყეს ფიქრი ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც.  დღესდღეობით ქვეყანაში ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ქვემო ქართლის რეგიონი, განსაკუთრებით კი, ბოლნისის რ-ნი ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა და  ბუნებრივია,  რეგიონი ეკოლოგიური მიმართულების მქონე ორგანიზაციების დიდ ინტერესს იწვევს. შესაბამისად, ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ ბოლნისელი ახალგაზრდები. სამწუხაროდ, არსებობენ ფსევდოორგანიზაციები, რომლებიც ხშირად  მანიპულირებენ ეკოლოგიური თემატიკით და მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. იმის გამო, რომ ჩვენს რეგიონში არსებობს სამთო მომპოვებელი კომპანია, ასეთი, ე.წ ორგანიზაციებისათვის საასპარეზოდ ბოლნისი ყველაზე ხელსაყრელი რეგიონია. რამდენადაც ცნობილია სამთო მოპოვების პროცესი ეკოლოგიური თვალსაზრისით გარკვეულ საფრთხეებს მოიცავს. თუმცა,  კომპანია ხარჯავს ძალიან დიდ რესურსს საიმისოდ, რომ ეკო თვალსაზრისით გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს. იმისათვის, რომ მოხერხდეს მსგავსი ნეგატიურად განწყობილი ორგანზაციების შესუსტება, მიზანშეწონილი იქნებოდა უფრო თვალსაჩინო გახდეს საზოგადოებისათვის ყველა ის პროცესი, რომელიც ამ კუთხით სამოქმედო არეალში მიმდინარეობს. მაგალითად, მოეწყოს შემეცნებითი მარშრუტი, რომელიც ადგილზე გააცნობს დაინტერესებულ ადამიანებს კომპანიაში ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს და მათ შედეგებს, პერმანენტულად ჩატარდეს ამ თემასთან დაკავშირებული ლექცია-ტრენინგები. ამგვარი აქტივობები უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოების ინფორმირებულობას, ასევე – მოქალაქეების  უშუალო  ჩართულობას, რათა ყველამ ერთად იზრუნოს გარემოზე და  სლოგანი- „დაიცავი,რათა დაგიცვას!“-ლიტონ განცხადებად არ დარჩეს და მისი პრაქტიკული რეალიზაცია მოხერხდეს.