Die Welt გერმანია

ედუარდ შტაინერი

 

 

იმავე დღეს, როცა მსოფლიოს უდიდესმა გაზის კონცერნმა ,,გაზპრომმა’’გამოაქვეყნა ბოლო კვარტალის  ანგარიში, ცენტრალურმა ბანკმა და საბაჟო სამსახურმა ნამდვილი სენსაცია გამოაცხვეს. უნდა ითქვას, ევროპის უმსხვილესი გაზის მიმწოდებლისა და რუსეთის ბიუჯეტისთვის ყველაზე დიდი გადამხდელის, „გაზპრომისთვის“, ციფრები გამაოგნებელი გამოდგა.

პირველად ისტორიაში, რუსეთმა ოქროს ექსპორტით მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე გაზის გაყიდვით. მონაცემები ასახავს მეორე კვარტლის მილსადენებით ტრანსპორტირებული გაზის მონაცემებს, რომელზე მონოპოლიაც  „გაზპრომს“ აქვს მინიჭებული.

ამ ციფრების მიხედვით, მარტო აპრილ-მაისში, რუსეთმა საზღვარგარეთ გაყიდა 3,6 მილიარდი დოლარის (დაახლოებით 3,1 მილიარდი ევრო)  ღირებულების 65,4 ტონა ოქრო. ამავე პერიოდში გაზის ექსპორტით მიღებული მოგება 2,4 მილიარდ დოლარს ( დაახლოებით 2,1 მლრ. ევრო) შეადგენდა. საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ რუსეთის ცბ-ს გამოთვლით ირკვევა , რომ გაზის ექსპორტმა მთელი კვარტლის მონაცემებით ქვეყანას მოუტანა 3,5 მილიარდი დოლარი (3.0 მლრ. ევრო),- ანუ ნაკლები, ვიდრე ოქროს ექსპორტმა ორი თვის განმავლობაში.

ოფიციალური სტატისტიკური  მონაცემები, ასახავს ნახშირწყალბადების ბაზარზე არსებულ ქაოსს, გამოწვეულს კორონავირუსის აფეთქებით, ასევე მიუთითებს ოქროს მნიშვნელობისა და ფასის ზრდის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყვითელმა მეტალმა ორშაბათს ღამით ახალი რეკორდი დაამყარა და უნცია ოქროს ფასი – 1 921 დოლარს გაუტოლდა. სხვა სიტყვებით, ფრთხილი ინვესტორები მას განიხილავენ, როგორც მაშველ რგოლს შფოთიან პეროდში. მაგრამ არც ესაა ყველაფერი.

დრამატულ სიტუაციაში, რომელშიც „გაზპრომმა“ ამოჰყო თავი,  მხოლოდ კორონავირუსი როდია დამნაშავე. ბუნებრივი აირის გიგანტი, რომლის თანამფლობელი სახელმწიფოა, უკვე პირველი კვარტალში იტყობონებოდა შემოსავლების მკვეთრი კლების შესახებ.

2015 წლის შემოდგომის შემდეგ, პირველად, „გაზპრომმა“ იწვნია 116.2 მლრ. რუბლის (1.4 მლრ ევრო) ზარალი, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგებამ 536  მლრ. რუბლი (6.4 მლრ. ევრო) შეადგინა. ბრუნვა შემცირდა 24%-ით  – 1.74 ტრილიონო რუბლით (20.3 მილიარდი ევრო), ევროპაში ექსპორტი კი – გასაღების უმთავრესი ბაზარი „გაზპრომისთვის“ – 45%-ით შეიკუმშა.

                                                    რუბლი უფასურდება

ამასთან,  „გაზპრომს“ არ გაუმართლა, როცა მარტში რუბლის კურსი დაეცა. ვალის 70%  კი კონცერნს დოლარებსა და ევროში აქვს, თუმცა  რუბლის დევალვაცია პრობლემის მხოლოდ ნაწილია.

მეორე ნაწილს წარმოადგენს ის, რომ მიწოდება ევროპასა და ჩინეთში (ეს ბოლო პერიოდში მნიშვნელობით მეორე ბაზარია „გაზპრომისთვის“), კონიუქტურული და კლიმატური მიზეზებით, 17%-ით შემცირდა, ფასებმა კი 36%-ით იკლო. მეორე კვარტალში გაყიდვებისა და ფასების კლება კიდევ უფრო გაძლიერდა. საინვესტიციო კომპანია  BCS Global Market Research-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, „გაზპრომის“ მდგომარეობა მეორე და მესამე კვარტლებში იქნება – ,,საშინელი.’’

აი, ოლიგარქ სულეიმან კერიმოვისთვის ნედლეულის ბაზრებზე არსებული რყევები, მომგებიანია. ის  მთავარი აქციონერია კონცერნისა ,,პოლუს – ზოლოტო’’, რომელიც რუსეთში ოქროს უმსხვილესი მომპოვებელია. 54-წლის დაღესტნელის ქონება მეორე კვარტალში გაიზარდა დაახლოებით 8,8 მლ დოლარით და 18,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამგვარად, კერიმოვმა,  Forbes – ის რუსულ სიაში, მე -13 – დან მე – 7 ადგილზე აინაცვლა და პირველად 12 წლის განმავლობაში პირველ ათეულში შეაბიჯა. ის,  ბოლო  დროს, ხშირად იქცევდა ყურადღებას სხვადასხვა სკანდალებში მონაწილეობით.

ასე მაგალითად, 2017 წლის ნოემბერში, ქალაქ ნიცაში, კერიმოვი საკუთარი თვითმფრინავის ტრაპზევე აიყვანა ფრანგულმა პოლიციამ გადასახადების დამალვისთვის. სამი დღის შემდეგ, ის გაათავისუფლეს 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ. რუსეთში, კერიმოვის დაკავებამ (რომელიც საფრანგეთში უძრავი ქონების მრავალ ობიექტს ფლობს) აღშფოთების ტალღა გამოიწვია, რადგან ფრანგულმა მხარემ უგულებელყო მისი, როგორც პარლამენტის წევრის, იმუნიტეტი.

კიდევ ერთი სკანდალი 2018 წელს მოხდა, როცა Ferrari – ის საჭესთან მჯდომი კერიმოვი (ავტომანქანაში ამ დროს  სიმპათიური რუსი  ტელეწამყვანიც იმყოფებოდა), ნიცაში ხეს შეეჯახა –  სამი შვილის მამამ მიიღო მძიმე დამწვრობა და საოპერაციოდ ბრიუსელს მიაშურა. მოგვიანებით, მან ერთ-ერთ ბელგიურ ფონდს, დამწვრობით დაზიანებული პაციენტებისთვის, 1 მილიონი დოლარი შესწირა.

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას ,,სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის’’ –  მეორე ხარისხის ორდენი გადასცა.

რუსეთის ბანკმა ოქროს ექსპორტის ნებართვა გასცა

კორონავირუსის დროს შემოსავლების თავბრუდამხვევ ზრდას, კერიმოვი იმ ფაქტს უნდა უმადლოდეს, რომ მისი ოჯახი, კომპანია ,,პოლუს ზოლოტოს’’ აქციების 78,6% – ს მფლობელია. ეს კონცერნი, რომლის აქციები, ოქროს ფასთან ერთად ცაში აიჭრა, უკვე თამაშობს  ნედლეულის ბაზრების უმაღლეს ლიგაში და აქვს დიდი უპირატესობა ყველა კონკურენტთან, რადგან  მისი საწარმოო ხარჯები პრაქტიკულად მინიმალურია

,,პოლუს ზოლოტოს’’ შემოსავლების უსწრაფესი ზრდა ნაწილობრივ რუსეთის ცენტრალური ბანკის დამსახურებაა. 1 აპრილს, მისმა ხელმძღვანელობამ განაცხადა ახალ კურსზე გადასვლის შესახებ. მანამდე ცბ ოქროს ერთ-ერთი მთავარი  შემსყიდველი გახლდათ. ახლა  რეგულატორმა შეწყვიტა ეს პრაქტიკა და მწარმოებლებს მისცა ნებართვა ყვითელი მეტალი საზღვარგარეთ გაეტანათ.

მოთხოვნის ნაკლებობაზე აქ ლაპარაკი არ გვიწევს. რუსული ოქროთი არაერთი სახელმწიფოა დაინტერესებული. ამასთან, მთავარი მყიდველი, რომელზეც მოდის  გაყიდვის 80 %, აღმოჩნდა ბრიტანეთი. ეს ქვეყანა სხვა სფეროებში დემონსტრაციულად აცხადებს უარს რუსებთან თანამშრომლობაზე). სწორედ  ლონდონშია განლაგებული ოქროს მთავარი სავაჭრო და საცავი მოედნები.

ასეთ მოთხოვნაზე „გაზპრომს“ შეუძლია მხოლოდ იოცნებოს,  მით უფრო მოთხოვნის კლებასთან ერთად, მას სხვა პრობლემებიც ემატება, რომელთა ფესვები აშშ-ში მიდის.

ამერიკელები მთელი ძალით ცდილობენ შეუშალონ ხელი მილსადენის  ,,ჩრდილოეთ ნაკადი – 2’’ მშენებლობას, რომელმაც რუსეთი გერმანიას უნდა დააკავშიროს. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ევროპა რუსეთზე უზომოდ დამოკიდებული გახდება  (ამასთან, მალავენ, რომ აპირებენ ძველ სამყაროს საკუთარი თხევადი გაზი მიაწოდონ).

აშშ – ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის მილსადენი ამერიკულ კანონს დაექვემდებარება, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული და ის სანქციებს უწესებს ყველა იმ კომპანიას, რომელიც რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ითანამშრომლებს.

                             აშშ ცდილობს ,,ჩრდილოეთ ნაკადი- 2“-ის მშენებლობა შეაფერხოს

პომპეოს განცხადება, მხოლოდ ერთი ნაბიჯია აშშ-ს ამ მი9მართულებით სვლისა. ისინი ადრეც ცდილობდნენ გაზსადენ ,,ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის მშენებლობა დაებრკოლებინათ და მის მონაწილეებს სანქციებით ემუქრებოდნენ. შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 2019 წელს შევიდა, მიმართული იყო პროექტის მონაწილე მილჩამდები გემების მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ.

ამგვარად, გაზსადენის მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ მალე გაგრძელდება რუსეთის სპეციალიზებული ხომალდის მიერ. პრეზიდენტმა პუტინმა მოასწრო ოპტიმისტური განცხადების გაკეთება, რომ პროექტი 2021 წელს დამთავრდება – რამდენიმე თვის დაგვიანებით. ამასთან, ის მიმდინარეობს გერმანელ პოლიტიკოსთა მხარდაჭერით, რომლებიც აშშ-ს გერმანიის საქმეებში ჩარევას ეწინააღმდეგებიან.

უნდა ვთქვათ, რომ  „გაზპრომი“ ცდილობს ევროპის ბაზარზე ლიდერის პოზიცია ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს. ამის გამო, გასული წლის დამლევს, მან დემპინგი წამოიწყო. „გაზპრომის“ წარმომადგენლები, მიუხედავად წამგებიანი შედეგებისა პირველ კვარტალში და კატასტროფულისა მეორეში, დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზარმა უკვე მიაღწია ფსკერს და წლის ბოლოსთვის სიტუაცია გამოსწორდება.

ამდენად, ძალაში რჩება პროგნოზი, რომ 2020 წელს  ევროპაში გაზის ექსპორტი იქნება 166 – 1167 მილიარდი კუბური მეტრი, გასულ წელს კი „გაზპრომმა“ დასავლეთში (მათ შორის თურქეთში) 119 ,,კუბი’’ გაყიდა.

მიუხედავად ოქროს ციებ-ცხელებისა, რუსეთისთვის შემოსავლის ძირითად  წყაროს გაზისა და ნავთობის ექსპორტი წარმოადგენს.  წლის პირველ 5 თვეში მესამედით შემცირებული გაზის ექსპორტის მიუხედავად,  რუსი ექსპერტებს სჯერათ, რომ  ოქროს ექსპორტი, თუნდაც ამჭამინდელი ბუმის პირობებში, საუკეთესო შემთხვევაში, 10%-ით  თუ მოახდენს გაზითა და ნავთობით მიღებული შემოსავლების კომპენსირებას.

By admin

Leave a Reply

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email