მინსინ პეი

            Project Syndicate – კალიფორნია

დიდი ბრიტანეთის მიერ „ჰუავეის“ ჩამოცილება ქვეყნის 5G კავშირგაბმულობიდან ჩინეთისთვის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი წარუმატებლობაა. ამიტომ, სანამ ჩინეთის ლიდერები საპაუხო ქმედებებს აწონ-დაწონიან, იქამდე ორმოს პირველი წესი უნდა გაითვალისწინონ: „თუ ორმოში აღმოჩნდები, თხრა უნდა შეწყვიტო“.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ „ჰუავეის“ 5G ქსელიდან გამოძევების შესახებ, ჩინეთს მტკივნეული დარტყმა მიაყენა. ბოლო ხანებამდე ჩინეთს იმედი ჰქონდა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეცვლიდა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩინური ტელეკომუნიკაციის გიგანტს ქვეყნის 5G კავშირგაბმულობისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდების უფლებას მისცემდა.

თუმცა,  ცოტა ხნის წინ მომხდარმა ორმა მოვლენამ ამ გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელი გახადა. მათგან პირველია შეერთებული შტატების მიერ წამოწყებული ომი „ჰუავეის“ წინააღმდეგ. მაისში აშშ-მ ახალი სანქცია დააწესა, რომლის მიხედვითაც ამერიკული ტექნოლოგიებით მოსარგებლე კომპანიებს „ჰუავეისთვის“ ნახევარგამტარების მიწოდება ეკრძალება. ვინაიდან მაღალტექნოლოგიური ნახევარგამტარების დასამზადებლად, რომელიც „ჰუავეის“ პროდუქციას (5G საბაზისო სადგურების ჩათვლით) ესაჭიროება, ამერიკული ტექნოლოგიები გამოიყენება, თუკი კომპანიის მომარაგება შეწყდება, მისთვის 5G აღჭურვილობის წარმოება თითქმის შეუძლებელი გახდება.

იმის შესაძლებლობა, რომ დიდი ბრიტანეთის 5G ქსელის მთავარმა მომწოდებელმა ვეღარ შეძლოს სისტემის აგება და შენარჩუნება ბევრად უფრო სერიოზული საფრთხის შემცველია, ვიდრე ჩინელების მხრიდან პოტენციური ჯაშუშობის პოტენციური საფრთხე. ვერც ერთი პასუხისმგებელი მთავრობა ვერ გასწევს ასეთ რისკს. ასე რომ, „ჰუავეის“ დღეები მას შემდეგ იყო დათვლილი, რაც მაისში აშშ-ს მთავრობამ გამოკრა ჩახმახს თითი. საკითხავი მხოლოდ ისღა რჩებოდა, როდის ეტყოდა პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ცუდ ამბავს პრეზიდენტ სი ძინპინს.

მეორე მოვლენა, რომელმაც პოლიტიკური კუთხით გაამარტივა ჯონსონისთვის „ჰუავეის“ გაძევება, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგისთვის ეროვნული უსაფრთხოების კანონის თავს მოხვევა იყო. ამ ულმობელმა კანონმდებლობამ, რომელიც ჩინეთის ფორმალურმა პარლამენტმა 30 ივნისს დამტკიცა, პრაქტიკულად  აღკვეთა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ავტონომიური სტატუსი. დიდი ბრიტანეთის გადმოსახედიდან, ჩინეთის ნამოქმედარი აშკარა დარღვევაა 1984 წლის ჩინურ-ბრიტანული საერთო დეკლარაციისა ჰონგ-კონგის შესახებ, რომელშიც ჩინეთი პირობას დებს, რომ პატივს სცემს და დაიცავს ქალაქის სამართლებრივ სისტემას და სამოქალაქო თავისუფლებას, 1997 წელს, ჩინეთის მმართველობაში დაბრუნებიდან კიდევ 50 წლის განმავლობაში.

ჩინეთის ლიდერები შესაძლოა ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთი მეტისმეტად სუსტია წინააღმდეგობის გასაწევად. აშკარაა, რომ ისინი ცდებიან. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა უკან არ დაიხიოს ჰონგ-კონგთან დაკავშირებით, „ჰუავეი“ კი ამისათვის მარტივი და აშკარა სამიზნეა.

ჩინეთი შესაძლოა ცდუნებას აჰყვეს და საპასუხო დარტყმა განახორციელოს, რამეთუ აქვს კიდეც ამისთვის საჭირო ბერკეტები. მას შეუძლია ჩინეთში ბიზნესის მქონე ბრიტანული ფირმები შეავიწროვოს. მაგალითად, ბრიტანული საბანკო გიგანტი „HSBC” დაუცველია ასეთი ჩაგვრის წინააღმდეგ, რადგან ოპერაციები, რომელსაც ჰონგ-კონგში ახორციელებს, მისი მოგების ნახევარზე მეტს და შემოსავლების მესამედს შეადგენს. ჩინეთმა ასევე შეიძლება მოისურვოს იმ ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტა, რომელსაც ლონდონში ახორციელებს და შეამციროს სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც ბრიტანეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში აგზავნის.

თუმცა, ასეთი საპასუხო ზომები, რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს, ბუმერანგივით დაბრუნდება უკან. თუკი „HSBC” ჰონგ-კონგიდან გავა, ქალაქი გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსს დაკარგავს, რადგან ჩინეთი ვეღარ იპოვის სხვა საერთაშორისო ბანკს ამ სასიცოცხლო როლის დასაკავებლად. ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ ჩინეთი ბანკებს „Citi“ ან „JPMorgan Chase“ აირჩევს – „HSBC“ ბანკის ჩამნაცვლებლად.

ანალოგიურად, დიდ ბრიტანეთში სწავლის აკრძალვა ჩინეთს უფრო დააზარალებს. ამჟამად, 120 000 ჩინელი სტუდენტი სწავლობს ბრიტანეთში. ჩინეთისთვის გამოწვევას ის წარმოადგენს, რომ მხოლოდ რამდენიმე კარგი ალტერნატივა არსებობს, თუ ის მოსწავლეების სხვაგან გაგზავნას მოისურვებს. აშშ ჩინელი სტუდენტების შეკავებას განიხილავს, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით. ავსტრალიას თვითონ ჩინეთი დაემუქრა ტურისტებისა და სტუდენტების რაოდენობის შემცირებით. კანადურ უნივერსიტეტებს, რომლებიც 140 000 ჩინელ მოსწავლეს იღებს, შეზღუდული ტევადობა აქვს. ასევე, ჩინეთი და კანადა დიპლომატიურ ჩიხში არიან მოქცეული, კანადის მიერ „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის, მენგ უანჟოუს დაკავებისა და აშშ-სთვის გადაცემისთვის, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა ჩინეთმა მეტი სტუდენტი გაგზავნოს კანადაში.

ეს ყველაფერი მიახლოებით ასახავს შემაშფოთებელ რეალობას, რომლის პირისპირაც დგას ახლა სი: ჩინეთი სწრაფად კარგავს მეგობრებს, მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდება ისინი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთ- ინდოეთის ურთიერთობებმა გამანადგურებელი დარტყმა მიიღო სისხლიანი სასაზღვრო შეტაკების შემდეგ, რომელშიც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა (დაღუპული ჩინელი ჯარისკაცების რიცხვი დაუზუსტებელია). ავსტრალიის დასასჯელად, რომელმაც გაბედა და კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა, ჩინეთმა ქერის იმპორტზე ტარიფები დააწესა და სადამსჯელო ზომების მიღებით დაემუქრა. 14 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უჩვეულოდ უხეში სიტყვებით დაგმო იაპონიის თავდაცვის ახალი სამთავრობო მოხსენება, რამაც ეჭვები გააჩინა სახელმწიფოების დაახლოებაზე, რომელის მიღწევასაც სი ცდილობდა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან ერთად.

ჩინეთის ლიდერებმა მხოლოდ თავიანთ თავს შეიძლება დააბრალონ ქვეყნის მზარდი საერთაშორისო იზოლაცია. ძალაუფლების გაზვიადებული შეგრძნების დამსახურებით, მათ ბევრი სუსტი სვლა გააკეთეს, რამაც მეგობრული და ნეიტრალური სახელმწიფოები, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთი, კანადა, ინდოეთი და ავსტრალია, გადაიყვანეს ჩინეთის პრინციპული გეოპოლიტიკური მეტოქის – აშშ-ს მხარეზე.

ასე რომ, სანამ ჩინელი ლიდერები ფიქრობენ როგორ უპასუხონ დიდი ბრიტანეთის მიერ „ჰუავეის“ აკრძალვას, იქამდე ორმოს პირველი წესი უნდა გაითვალისწინონ: „თუ ორმოში აღმოჩნდები, თხრა უნდა შეწყვიტო“.

By admin

Leave a Reply

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email