LE FIGARO საფრანგეთი

სელინ პინა

 

„ნიუ იორკ თაიმსი“ ეტალონური გაზეთი იყო, ისე, როგორც თავის დროზე – „მონდი“.  სწორედ საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე არსებობს ეს გამოცემა უკვე დიდი ხანია, იგივე ითქმის „მონდზე“. ეს რეპუტაცია საკმარისია საიმისოდ, რომ გარკვეული გავლენა გაგაჩნდეს და თავს უფლება მისცე ვინმეს ზიანი მიაყენო. პრობლემა ისაა, რომ არა მარტო ეს სახელია უზურპირებული, არამედ ის მეთოდებიც, რომლებიც შიდასარედაქციო საქმიანობისას გამოიყენება და საფუძვლიანად იწვევს აღშფოთებას. შევიწროება, შეურაცხყოფა, იმ სტატიების გადასწორება, რომლების შინაარსიც თვალში არ მოსდით, იდეოლოგიური მიკერძოება…ჟურნალისტი ბარი ვაისი, გადადგომამდე გამოქვეყნებულ წერილში, ფარდას ხდის ამერიკული გაზეთის მახინჯ მხარეს. მან ხმამაღლა თქვა ის, რაზეც მოკრძალებულად კეთდებოდა  მინიშნებები.

„ როცა ცდილობ ანგელოზად იქცე, ხდები მხეცი“ – ეს ძველი შეგონება, დღეს, როგორც არასადროს აქტუალურია. დეჰუმანიზაცია, დაუსაბუთებებლი ბრალდებები და ცენზურა, ასეთია სამი სვეტი, რომელთა საშუალებით ახალგაზრდა ჟურნალისტებს,  თავი პროგრესულად რომ მოაქვთ, გარდაქმნიან  თავისუფალი აზრის მტაცებლებად. უბრალო დაეჭვების საფუძველზე, ისინი ოპონენტებს უწოდებენ ფაშისტებს, ნაცისტებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი ქცევა არის გაცილებით სასტიკი და დამღუპველი, ვიდრე იმ ხალხისა, რომელსაც ისინი კიცხავენ. თუმცა, ჯობს, სიტყვა ისევ ბარი ვაისს მივცეთ, რათა მოგვიყვეს, რა გადახდა თავს იმის გამო, რომ ისე არ ფიქრობდა, როგორც მისი კოლეგები:

„განსხვავებულმა აზროვნებამ მაქცია იმ კოლეგების დაცინვის საგნად, რომლებიც ჩემ შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ისინი მეძახდნენ ფაშისტს და ნაცისტს. ყურადღებას არ ვაქცევდი მათ კომენტარებს იმის შესახებ, რომ მე  „ჯერ კიდევ ებრაელებზე ვწერდი“.

ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც მეგობრულად თანამიგრძნობდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ჩემი საქმიანობა და პირადი ცხოვრება აქტიურად განიხილებოდა პორტალზე, სადაც სვეტების რედაქტორები აქვეყნებდნენ თავის მოსაზრებებს. ზოგიერთი კოლეგა დაჟინებით მოითხოვდა დამეტოვებინა კომპანია და ამტკიცებდა: ეს საჭირო იყო, რათა კომპანიას შეენარჩუნებინა „ინკლუზიურობა“. სხვები კი „ სმაილებს“ათავსებდნენ ჩემი სახელის ხსენებისას. რედაქციის სხვა თანამშრომლები საჯაროდ მასხავდნენ თავს ლაფს, მიწოდებდნენ მატყუარასა და ფანატიკოსს ტვიტერზე. მათ არ აშინებთ, რომ მიიღებენ საკადრის პასუხს –  ასეთი პასუხი არსად ჩანს.“

ის ფაქტი, რომ „ნიუ- იორკ თაიმსის“ ხელმძღვანელები, რომლებიც აქებდნენ ჟურნალისტს გაბედულებისთვის, თვითონ კი თითს თითზე არ აკარებდნენ შეურაცხმყოფელების შესაჩერებლად, ნათლად აღწერს იმ ვითარებას, როცა ადამიანებს სურთ აკეთონ საქმე, რომელსაც მოაქვს პრესტიჟი, ძალაუფლება და ფული, მაგრამ არ სურთ გამოიჩინონ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ლაჩრობის პარმანენტული გამოვლინება, რაც გამოცემის მმართველ გუნდს ახასიათებს, გასაოცარია და მოანიშნებს ტოტალიტარიზმისკენ გადახრაზე, რომლის ნიშნებიც ჟურნალისტიკის ამ სფეროში მკაფიოდ ვლინდება. პროგრესისტების ამ ნაწილისათვის „ სიმართლე არ არის კოლექტიური აღმოჩენა“, არამედ,  ეს არის ორთოდოქსია რამდენიმე განათლებული ადამიანისა, რომელთაც ჩათვალეს, რომ მათ მისიას წარმოადგენს დანარჩენის განათლება.

უარყო ფაქტი იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება არჩეულ იდეოლოგიას, ნიშნეულია სწორედ  ტოტალიტარიზმისთვის, რომელმაც შვა ნაციზმი და კომუნიზმი. როგორც ჩანს, დღეს, ცოტა ვინმეს თუ ესმის (ისე, როგორც გუშინ ესმოდა მცირე ნაწილს)  ამგვარი რეჟიმის დამღუპველობა, რეჟიმისა რომელიც თვალში მოსდის ელიტების მნიშვნელოვან ნაწილს (პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ინტელექტუალებს, ბიზნესმენებს), რომელიც მზადაა ძაღლი მიუქსიოს გაბედულ ადამიანებს, ვიდრე ამ უკანასკნელთა  სახელს ფართოდ გაიცნობენ. ამ ასპექტს აღნიშნავს დათხოვილი ჟურნალისტი:

„ძალიან მინდა ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა- რისკზე რომ არაფერი ვთქვათ- დაბრკოლებად იქცა“ნიუ იორკ თაიმსში“. რატომ უნდა გამოაქვეყნო ის, რაც მკითხველს აღელვებს, ან დაწერო რაიმე რისკის შემცველი, თუ მერე ამ მასალის რედაქტირებას მოახდენენ იდეოლოგიური მიზანშეწონილობით,  როცა შეგიძლია შეინარჩუნო სამუშაო ( უზრუნველყოფილი გამოხმაურებებით), განათავსო მეოთხიათასე სარედაქციო სტატია, სადაც ნათქვამია. რომ დონალ ტრამპი მომაკვდინებელი საფრთხეა ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის? ასეთი თვითცენზურა,   ჩვეულებრივ ნორმად იქცა.“

ის, რომ „ნიუ იორკ თაიმსი“ დიდი ხნის  განმავლობაში  ასე კარგად ნიღბავდა საკუთარ ვარდნას, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ჩვენ არ გვიყვარს რეალობისთვის თვალის გასწორება – როცა სიმხდალის გამო გაზეთი დაჰყვა ძალდატანებას და ჟურნალისტებზე სისხლიანი ანგარიშსწორების შემდგომ, უარი თქვა სატირულ ჟურნალ Charlie-ის  კარიკატურების გამოქვეყნებაზე ( ეს ხომ ჩარჩა ყველას მეხსიერებაში), უნდა მიმხვდარიყავით, რომ ეს ხალხი აღარ არის თავისუფლების მეგობარი. როცა სარედაქციო კოლეგიამ მთელ ქვეყნიერებას აუწყა, რომ ამიერიდან ,,შავკანიანი’’ უნდა იწერებოდეს დიდი ასოთი, ხოლო ,, თეთრკანიანი’’  პატარით, თანაც ეს ახსნეს  იმგვარად, რომ  „თეთრები“ არ იმსახურებენ დიდი ასოთი აღნიშვნას, რადგან ვერ შექმნეს ცივილიზაცია, გვეგონა, რომ ეს სიზმარში ხდებოდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა ,,შავკანიანი’’ ერთნაირია, ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ერთ მთლიანობად უნდა აღვიქვათ? ჩვენ არ ვიცით, იმალება თუ არა ამის მთქმელთა ნიღაბქვეშ, უძირო რასიზმი და უკიდეგანო სისულელე.

ეს პუბლიკაცია გამოქვეყნდა სწორედ მაშინ, როცა 150-მა ინტელექტუალმა გაკიცხა ცენზურის კულტივირება ყოველთვიურ გამოცემაში ,,Haarper’s ‘’. აქ ლაპარაკია განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლობაზე, საჯაროდ დამცირების ვნებაზე, ოსტრაკიმზე და ტენდენციაზე, გადაფარო რთული პოლიტიკური საკითხები თვალისმომჭრელი მორალური პრინციპებით. სწორედ ამას აკრიტიკებდა ბარი ვაისი თავის წერილში, როცა აღნიშნავდა, რომ პროგრესისტები საკუთარ ონლაინ სიძულვილს იმით ამართლებენ, რომ ის ნებადართულ სამიზნეებზეა მიტანილი.

სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ცენზურისა და შეურაცხმყოფელი თავდასხმის მსხვერპლი და ეს შეუძლებელს ხდის ვითარების ნორმალიზაციას. „ნიუ იორ თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ჯეიმს ბენეტი  გადადგა მას შემდეგ, რაც მწარედ გააკრიტიკეს. მან დაუშვა „უპატიებელი შეცდომა,“ როცა გამოაქვეყნა სენატორ ტომ კოტონის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერდა არმიის გამოყენებას იმ კანონდარღვევების და მოროდიორობის აღსაკვეთად, რაც Black Lives Matter -ის  საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩათვალა რა, რომ იუმორი არ იკრძალება, Philadelphia Enquirer-ის რედაქტორმა სტენ ვიშნოვსკიმ გაბედა და სტატია ,,Black lives Matter’’-ის ანალოგიით დაასათაურა — „ნაგებობებსაც აქვს მნიშვნელობა’’… მასაც მოუწია გადამდგარიყო. ეს სია სულ უფრო იზრდება.

ის, რომ აშშ-ში რასიზმის პრობლემა არსებობს – ფაქტია. მეორე მხრივ, როცა რასიზმთან ბრძოლა გადაიქცევა მოძრაობად, რომელიც თავს ესხმის თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, შემოაქვს ცენზურა, სდევნის ადამიანებს და  მათ თავს ახვევს რაიმე დოგმებს, ის ხდება კონტპროდუქტიული და დადის ხილული ფაქტების უარყოფამდე.

დასკვნა სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ ჟურნალისტები გვევლინებიან ლინჩის წესის აღმასრულებლად, ისინი ხდებიან საჯარო მბრალდებელნი. რა გასაკვირია, რომ  არჩეული იდეოლოგიდან გამომდინარე,  ისინი უარყოფენ რეალურ ფაქტებს,  გადადიან შეურაცხყოფაზე და გამოდიან „რიგების წმენდის“ მოთხოვნით, იმის ნაცვლად, რომ  ჩაერთონ პოლემიკასა და დისკუსიაში. პრობლემა ისაა ,რომ იშველიებენ რა პროფესიულ ეთიკასა და ღირსებას, ისინი სასიკვდილო დარტყმას აყენებენ ინფორმაციას. იყო პროპაგანდისტი ეს არის პროფესია, მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც ჟურნალისტობა.

როცა ხელისუფლებაში მოდიან აქტივისტები და იდეოლოგები, ჭეშმარიტების ძიება და  ფაქტები არავის სჭირდება. მათ ადგილს იკავებს მანიპულაცია. ზეობს იდეებისა და ადამიანების სიმბოლური განადგურება, ჟურნალისტიკა კი მარცხდება. ახლო მომავალში ჩვენ შეგვეძლება პროგრესისტი ჟურნალისტის შეფასება იმ ადამიანების რაოდენობით, რომელიც მან გათელა და პირში ბურთი ჩასჩარა და ასე დადგება თავისუფალი პრესის დაისი.

By admin

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email