HANDELBATT გერმანია

მათიას ბრუგმანი

             

ტრადიციულად ამ ქვეყნის შემოსავლები გაზის ექსპორტზე მოდის. ამა წლის პირველ კვარტალში კი ყველაფერი შეიცვალა – ძირითადად ორი მიზეზით.

ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა – ოქროს ექსპორტით, მხოლოდ აპრილსა და მაისში, კრემლის დერჟავამ 3.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ასეთია ფედერალური საბაჟო სამსახურისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები.

ფედერალური საბაჟოს ინფორმაციით, გაზპრომმა, რომელიც მონოპოლისტია მილსადენებით გაზის მიწოდების სფეროში – ამ ორი თვის განმავლობაში, განახორციელა 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის ექსპორტი. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუსეთმა გაზის ექსპორტით მეორე კვარტალში 3.5 მილიარდი გამოიმუშავა – ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე 2 თვის განმავლობაში ოქროს გატანით მიიღო.

არსებობს 2 ძირითადი მიზეზი, რომელთაგან ერთი დამანგრეველია რუსეთის სახელმწიფო ფინანსური სისტემისთვის:

ერთი მხრივ, მკვეთრად გაიზარდა ოქროს ექსპორტი: გასული წლის აპრილ-მაისში რუსეთმა მოახდინა 247 მილიონიანი ექსპორტი. ამჟამინდელი ნახტომი უკავშირდება ოქროს ფასის მნიშვნელოვან მატებას, ასევე,  ამა წლის მეოთხე და მეხუთე თვეებში, მოცულობის ზრდას 66.4 ტონამდე.

„ასეთი რამ პირველად ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ – ამბობს მაქსიმ ხუდალოვი, მოსკოვის სარეტინგო სააგენტოდან АКРА. მისი მონაცემებით, 1994 წლიდან გაზის ექსპორტს ყოველთვის მოქონდა უფრო მეტი შემოსავალი მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში, ვიდრე ოქროსას.

ოქროს ექსპორტის ზრდა უკავშირდება კორონაკრიზისს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს. როგორც ერთმა, ისე მეორე ფაქტორმა, ექსპერტთა აზრით, გამოიწვია რუსეთის ბიუჯეტზე წნეხი და ცენტრალური ბანკი, რომელიც ტრადიციულად ახდენს მოცულობით ინვესტირებას სახელმწიფო რეზერვების გაფართოებაში, იძულებული შეიქნა შეერბილებინა თავისი პოლიტიკა.

                         ცენტრალური ბანკი აჩერებს ოქროს შესყიდვას

„ამდენად, ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ჯერჯერობით შეწყვიტოს ოქროს შესყიდვა ქვეყნის ძვირფასი ლითონების მარაგების შესავსებად. ამას გარდა, ბევრი ოქროსმომპოვებელი კომპანია საკრედიტო ხელშეკრულებით მოვალეა ბანკებს ოქრო მიყიდოს, რადგან ამ უკანასკნელებისგან იღებენ დაფინანსებას“ – აღნიშნავს ხუდალოვი.

ცენტრალური ბანკის უარი ოქროს სამამულო მწარმოებლებისთვის, ასევე ციმბირში ყინულის დნობის პარალელურად დაწყებული ძვირფასი ლითონების  მოპოვების სეზონი, არის ძირითადი მიზეზები ოქროს ექსპორტის მატებისა, თვლის ბანკის „ოტკრიტიე“ ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი ზაიცევი. იმის საკომპესაციოდ, რომ ცენტრალური ბანკი ამოვარდა მყიდველთა სიიდან, ოქროს საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები საექსპორტო უფლებებით გაუთანაბრეს ბანკებს.

ადრე მათ არ შეეძლოთ პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ, ბანკებს კი, ჯერ ცენტრალურ ბანკთან უნდა შეეთანხმებინათ საერთაშორისო გარიგებები. ახლა ცენტრალური ბანკი ამოვარდნილია ჯაჭვიდან, როგორც მოთხოვნის წყარო.

ოქროს მზარდი ექსპორტი – მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ გაზის აქცენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის საექსპორტო რეალობაში. ცენტრალური ბანკის შეფასებით, 2020 წლის მეორე კვარტლის შემოსავლები, პირველ სამ თვესთან შედარებით განახევრდა, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდში შემცირდა 2.6-ჯერ, ანუ 3.5 მილიარდი დოლარით.

                                         გაზის ფასი თავისუფალ ვარდნაში

აპრილ-მაისში გაზპრომმა უცხოელ კლიენტებს 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა – 21%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან, საექსპორტო ფასი რუსულ გაზზე, მაისში 94.4 (1000 კუბურ მეტრი) დოლარამდე დაეცა, რაც რენტაბელობის დონეზე დაბალია. ნავთობის კვალად გაზზე ფასის ვარდნას ანალიტიკოსები კორონავირუსის გავლენით ენერგომატარებლებზე მოთხოვნის შემცირებას, ევროპის გაზსაცავების გადავსებას (შედარებით თბილი ზამთრის გამო) და ზოგადად გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

„ ველით, რომ გაზის ექსპორტი ევროპაში 2020 წელს დაიწევს 163 მილიარდ კუბურ მეტრამდე, 2018-19 წლების 200 მილიადიან მიწოდებასთან შედარებით“- ამბობს სარეიტინგო სააგენტო FITCH-ის ბუნებრივი რესურსების მიმართულების დირექტორი დმიტრი მარჩენკო. მისი თქმით, 2020 წელს საშუალო საექსპორტო ფასი დაამყარებს ანტირეკორდს – ბოლო 15 წლის განმავლობაში.

 „ჩვენი აზრით, ფასი 1000 კუბურ მეტრზე – 120 დოლარი იქნება“- პროგნოზირებს მარჩენკო. ცნობისთვის, 2006-09 წლებში ფასი 294 დოლარს შეადგენდა. კვლევითი ცენტრის VYGON CONSULTING -ის დირექტორის, მარია ბელოვას თქმით, ანტირეკორდი დამყარდა რუბლის კრიზისის დროს, 1999 წელს – 57.5 დოლარი, მაგრამ მაშინ ნავთობის ფასიც, ბარელზე 12.72 დოლარს შეადგენდა

                                         მოულოდნელობა: სად მიდის რუსული ოქრო?

საინტერესოა, ძირითადად სად მიდის რუსული ოქრო. მთავარი იმპორტიორი დიდი ბრიტანეთია, სადაც „ყვითელი მეტალის“  80%  იგზავნება

ჯერ კიდევ 2019 წელს, რუსეთმა გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი 12-ჯერ, 5.3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ეს, მიუხედავად ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკველობის გამო, ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობისა. 2020 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში, დიდი ბრიტანეთზე მოდიოდა 4 მილიარდი დოლარის (საერთო 5.1 მილიარდიდან) ოქროს ექსპორტი.

ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ლონდონი ოქროს ვაჭრობის გლობალური ცენტრია. ამას გარდა, აქ არის წარმოდგენილი ფიზიკური მეტალის უდიდესი საცავები. ლონდოლშივეა განლაგებული ბევრი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის შტაბ-ბინა, რომელიც ოქროს მიმართულებით სპეციალიზდება. ამ ფონდებში „ყვითელი მეტალის“ შედინებამ წლის პირველ ნახევარში, მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, რეკორდულ დონეს მიაღწია – 734 ტონას, ანუ 39.5 მილიარდ დოლარს.

„თუმცა რუსეთიდან ოქროს ექსპორტის ზრდა, ვერ მოახდენს ნავთობიდან და გაზიდან დაკლებული შემოსავლების კომპენსირებას“ – ამბობს ეგორ სუსინი „გაზპრომბანკიდან“. ოქროდან მიღებული მოგება, მხოლოდ 10%-ით შეავსებს ნავთობიდან და გაზიდან შემცირებულ დანაკლისს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ამის შედეგად შეიცვლება სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსი“-  დარწმუნებულია ექსპერტი. საუკეთესო წლებში, რუსეთი გაზის ექსპორტით 60-70 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა, ხოლო ოქროს ექსპორტი (თუნდაც დღევანდელი მაღალი ფასის გათვალისწინებით) ვერ გადააჭარბებს –  13 მილიარდ დოლარს.

By admin

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email