Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

იმ ზაფხლის ივლისი მეტი სიცხიან კაცს ყელში უჭერდა.  ამ დროს მე, ჩვეულებრივ, თბილისიდან სოფელში მივემგზავრები ხოლმე.  სანაპიროზე, ავტობუსების სადგურში მგზავრთა მიმოსვლას ბოლო არ უჩანდა.  მგზავრების მოლოდინში ხეს მივეყრდნე, გაზეთი გავშალე და მოთენთილი თვალებით გადავათვალიერე.

ორიოდე მეტრში, ჭადრის ჩრდილში ახალგაზრდა, ასე 16-17 წლის გოგონა იდგა.  იგი ხეს ამოფარულიყო, მარცხენა ხელში მზის სათვალე მოუჩანდა და თავდახრილი ფეხით რაღაცას აწვალებდა. იქვე, ქალიშვილის ფეხებთან ლამაზი სპორტული ჩანთა ხეზე იყო ჩამოკიდებული.    გოგონას  მშვენებამ  და  სილამაზემ  ჩემი  თავი  თითქოს ზაფხულის  გაუსაძლის  ხვატს გამოარიდა და თავადვე ერთიანად დამიპყრო.  მე დროდადრო მზერას გოგონასკენ ვაპარებდი, რაშიც, ერთობ, გაშლილი გაზეთის თვა-ლიერებაც მეხმარებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს სიახლოვეს ორი ახალგაზრდა ყმაწვილი შეჩერდა, მათ სათითაოდ შეგვათვალიერეს,  მივხვდი  და გოგონასგან  ოდნავ ზურგშექცევით დავდექი.

  • რა გქვიათ გოგონი? – ჰკითხეს ბიჭებმა

გოგონა დუმდა.

  • თბილისელი ხართ?

 

გოგონა ძველებურად დუმდა და არც ადგილიდან იძვროდა.

 

ბიჭები მოშორებით გავიდნენ და სიგარეტის მოწევით სიამოვნებდნენ.

 

გაზეთი დავკეცე, გოგონასკენ შევბრუნდი და ვკითხე – რა უნდოდათ?

 

  • უსაქმურებია.
  • თქვენ მათ იცნობთ?
  • არა, -მიპასუხა და მარცხენა ხელით სათვალე მოირგო.

 

ჩემი გამგზავრების დროც მოვიდა, ავტობუსის გასვლას ხუთიოდე წუთი აკლდა.

ის იყო წასვლა დავაპირე, რომ „უსაქმურები“ გოგონას ისევ მიუახლოვდნენ,

– რომელ ავტობუსს ელოდებით?

– დუშეთის.

-იქაური ხართ? გაუშინაურდნენ ბიჭები და ისე ახლოს მივიდნენ, რომ გოგონამ გალიაში მომწყვდეულივით აქეთ-იქით წრიალი დაიწყო.

 

ბიჭებმა უცებ უკან დაიხიეს, ერთმანეთს გადახედეს და გოგონას სასწრაფოდ მოშორდნენ.

გოგონამ სათვალე მოიხსნა, ხეს მოსცილდა,  მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნდა და აცრემლებული თვალები ისევ ძირს დახარა.

 

თვალებზე ბინდისფერი გადამეფარა,   ისედაც მორიდებულს, მეტყველება სულ წამერთვა, მინდოდა გოგონასთვის მეთქვა, რომ, მე არც კი შემიმჩნევია, რომ მერიდებოდა მასთან ახლოს მისვლა და გაცნობა, და რომ…

 

მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა შევძელი, ნანახის თუ სიბრალულის გამო გოგონასკენ გახედვას ვეღარ ვბედავდი. ვიდექი ჩემოდნით  ხელში დამნაშავესავით დაბნეული და გოგონას უსიტყვოდ ბოდიშს ვუხდიდი, რომ, იმ აბეზარი ბიჭებისგან ვერ დავიცავი. არ ვიცი, უსიტყვოდ ბოდიშის ესმოდა თუ არა, მაგამ, მახსოვს უმწეო მდგომარეობიდან ისევ გოგონამ გამომიყვანა:

 

  • ავტობუსზე გაგვიანდებათ, – შემახსენა და ცრემლებით დანამულ და ფართო, გიშერივით შავ თვალებზე ერთადერთი მარცხენა ხელით მზის სათვალეები მოირგო.

 მიხეილ ოქრიაშვილი

 

 

By admin